ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდები (ვიდეო)
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ორიოდე დღეა დარჩენილი. ეს ტურნირიც ჩაიწერება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, მანამდე კი თვალი გადავავლოთ ევროპის პირველობის ყველა დროის ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელ ეპიზოდებს.
ევრო-2012-ის მეოთხედფინალი, ინგლისი-იტალია, პენალტების სერია, იტალიელები 1:2 აგებდნენ და საპენალოსთან ანდრეა პირლო მივიდა. ეს საოცარი წნეხი სულაც არ შეუმჩნევია გამოცდილ ნახევარმცველს, რომელმაც პენალტი სრულიად აუღელვებლად, პანენკას სტილში შეასრულა. “სამი ლომი” ფსიქოლოგიურად გატყდა. შემდეგი ორი პენალტი ინგლისელებმა გააფუჭეს და საბოლოო ჯამში, ნახევარფინალის საგზური იტალიელებს დარჩათ. მატჩის შემდეგ პირლომ თქვა, რომ მისი მხრიდან პენალტის ასე შესრულება არ ყოფილა სიამაყისა და თავხედობის გამოვლენა, ვინაიდან ეს მისი სტილი არ არის.
დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც ზლატან იბრაჰიმოვიჩის გენიას ეჭქვეშ აყენებენ. არადა, შვედმა ფეხბურთელმა გასაოცარი შესაძლებლობები ჯერ კიდევ ევრო-2004-ზე გვიჩვენა. შვედეთის ნაკრები იტალიასთან 0:1 მარცხდებოდა, მატჩი კი დასასრულს უახლოვდებოდა. ფინალურ სასტვენამდე ხუთი წუთით ადრე შვედებმა კუთხური მოაწეოდეს, იტალიელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, სიტუაციაში კი ყველაზე კარგად ზლატანი გაერკვა, დასწრებაზე ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა და ნახტომში ქუსლით ბურთი “სკუადღა აძურას” კარის ცხრიანში გადაგზავნა – 1:1. “გამიმართლა, თუმცა ამავდროულად, საოცარი გოლი გამომივიდა”, – აღნიშნავდა მატჩის შემდეგ იბრა.
1996 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი, ჩეხეთი გერმანიის წინააღმდეგ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. იმ პერიოდში ძალაში იყო ოქროს გოლის წესი და ჩემპიონის ვინაობაც სწორედ ოქროს გოლით გაირკვა. გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი ოლივერ ბირჰოფი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საერთაშორისო დონეზე ოქროს გოლი გაიტანა და გერმანელს ბურთი მართლაც საუცხოო გამოუვიდა. ტურნირის შემდეგ “ბუნდესთიმის” იმჟამინდელი თავკაცი ბერტი ფოგსი იხსენებს: “ბირჰოფის მეუღლემ მთხოვა: “წაიყვანე ოლივერი ჩემპიონატზე. ის აუცილებლად გადაგიხდის ამისთვის”. ბირჰოფი ფინალურ მატჩში შეცვლაზე შევიდა, ოთხ წუთში ანგარიში გაათანაბრა და დამატებით დროში გატანილი ოქროს გოლით გერმანელებს ოქროს მედლები მოუპოვა.
ერთხელ რობერტო მანჩინიმ თქვა: “თუ მარიო ბალოტელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი არ არის, ეს მხოლოდ მისი ბრალია, ვინაიდან მას ამისთვის ყველაფერი აქვს”. როდესაც მარიოს კარგს თამაშებს ვიხსენებთ, პირველი თავში ევრო-2012-ის ნახევარფინალური შეხვედრა მოგვდის: გერმანია იტალიის წინააღმდეგ. მატჩის 36-ე წუთზე მარიო ბალოტელიმ უძლიერესი დარტყმით დუბლი შეასრულა და გატანილი გოლი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებლად აღნიშნა, როდესაც მაისური გაიძრო და საზოგადოება საკუთარი მუსკულატურით დაატყვევა. “მარიოს კარიერა მხოლოდ იწყება”, – თქვა მატჩის შემდეგ იტალიელთა თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ. ნეტავ, მართალი ყოფილიყო.
“იუვენტუსის” ყოფილ თავკაც ჯოვანი ტრაპატონის თუ დავუჯერებთ, მიშელ პლატინი ფიზიკურ დატვირთვებს თაკილობდა, ერთმანეთს 5000 მეტრზე სირბილში არ ვეჯიბრებითო. ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელს მოედანზე, საბედნიეროდ, ყოველთვის ჰყავდა თანაგუნდელები, რომლებიც წარმატების მისაღწევად ჯაფას არ ზოგავდნენ. ერთ-ერთი მათგანი ჟან ტიგანა გახლდათ. გავიხსენოთ ევრო-84-ის ნახევარფინალური შეხვედრა: საფრანგეთი პორტუგალიის წინააღმდეგ – მიმდინარეობს 119-ე წუთი და ანგარიში საყაიმოა – 2:2. უკვე ყველა პენალტების სერიაზე ფიქრობს, მაგრამ არა ტიგანა, რომელმაც თამაში საკუთარ თავზე აიღო, მეტოქის საჯარიმოში მსწრაფლ შეიჭრა და ბურთი კარის წინ მდგარ პლატინის გადააწოდა, ამ უკანასკნელს კი თითქმის დაუცველ კარში გოლი გატანა არ გასჭირვებია – 3:2 და საფრანგეთის ნაკრები ფინალშია.
ანტონინ პანენკა ვარჯიშის შემდეგ მეკარესთან ერთად ხშირად რჩებოდა მოედანზე და პენალტების დარტყმაში ვარჯიშობდა. “ერთმანეთს შოკოლადზე ან ლუდზე ვენიძლავებოდით. სანამ მეკარე კარგ ფორმაში იყო, ძვირი მიჯდებოდა”, – იხსენებს პანენკა. დროთა განმავლობაში იგი იმდენად დაიხვეწა, რომ პენალტის შესრულების სრულიად უნიკალური მეთოდი შეიმუშავა, რომელსაც დღეს სწორედ პანენკას სახელით ვიცნობთ. “საბოლოო ჯამში, იმდენი შოკოლადი და ლუდი მოვიგე, რომ გავსუქდი”, – ამბობს პანენკა. მან ეს მეთოდი ევრო-76-ის ფინალურ მატჩში დასავლეთ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამოიყენა. მატჩი 2:2 დასრულდა და ჩემპიონის ვინაობის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერია დაინიშნა. პანენკამ ვარჯიშებზე შემუშავებული საკუთარი მეთოდი გამოიყენა, დაარტყა შუაში, თუმცა განსხვავებულად. მანამდე ასეთი დარტყმა არავის ენახა. ჩეხოსლოვაკია გაჩემპიონდა.
კარლო ანჩელოტიმ “მილანში” თამაშის პერიოდში მარკო ვან ბასტენს ჰკითხა, თუ რა მოეხერხებინა ბურთისთვის. ჰოლანდიელმა უპასუხა: “ბურთი მე მომეცი, შენ კი გოლის აღსანიშნავად გამოიქეცი ჩემთან”. მართლაც, ვან ბასტენს მოედნის ნებისმიერი წერტილიდან შეეძლო გოლის გატანა. ამის კარგი მაგალითია ევრო-88-ის ფინალური მატჩი. ვან ბასტენმა საბჭოთა კავშირის ნაკრებს ისეთი ბურთი გაუტანა, რომ ამ გოლს მაყურებელი დღესაც აღფრთოვანებაში მოჰყავს: სრულყოფილი დარტყმა სრულყოფილი თავდამსხმელისგან.
ევრო-2000-ზე ფრანჩესკო ტოლდომ გაიბრწყინა. ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე, “ამსტერდამ არენაზე”, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ტოლდომ ექვსი პენალტიდან მხოლოდ ერთი გაუშვა. აქედან ორი თერთმეტმეტრიანი შეხვედრის ძირითად დროში დაინიშნა. თანაც, იტალიელები ჯანლუკა ძამბროტას გაძევების შემდეგ მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ. ტოლდომ ჯერ ფრანკ დე ბურის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პატრიკ კლუივერტმა ბურთი ძელს გაარტყა. პენალტების სერიაში ჰოლანდიელები აშკარად ცუდად გამოიყურებოდნენ. ტოლდომ თითქოს მოაჯადოვა იმ საღამოს თავისი კარი და ფინალის საგზურის მოპოვებაში ლომის წილი დაიდო.
ევრო-92: დანიის ნაკრების ტრაგედიისა და ტრიუმფის ისტორია: იუგოსლავიაში ომი მძვინვარებს და მის ნაცვლად ტურნირზე ასპარეზობის უფლებას დანიის ნაკრებს აძლევენ. დანიელები ამას ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე იგებენ და ხდება სასწაული: ტურნირი ყველასთვის მოულოდნელად სწორედ დანიელების გამარჯვებით სრულდება, თანაც ისე, რომ განაცხადში მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტის გამო ყველა დროის საუკეთესო დანიელი ფეხბურთელი მიქაელ ლაუდრუპი არ იყო შეყვანილი. ფინალურ მატჩში დანიის ნაკრებმა გერმანია ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გოლები იონ იენსენმა და კიმ ვილფორტმა გაიტანეს. დანიელთა ეს ტრიუმფი ტრაგიკული ამბით დაიჩრდილა. რამდენიმე კვირის შემდეგ ვილფორტის ქალიშვილი, რომელიც ლეიკემიას ებრძოდა, გარდაიცვალა.