“ევერტონის” ლეგენდამ კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა
მერსესაიდული “ევერტონის” ლეგენდამ, ლეიტონ ბეინსმა, ფეხბურთელის კარიერის დასრულების გადაწყვეტილება 35 წლის ასაკში მიიღო. ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა ამის შესახებ განცხადება თავად გააკეთა.
ბაინსი “კამფეტებს” “უიგანიდან” 2007 წლის ზაფხულში შეუერთდა და მას შემდეგ 13 ჩატარებულ სეზონში 420 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 39 გოლი.
“ევერტონის ყველა ფანი მადლობელი უნდა იყოს იმისთვის, რაც ბეინსმა კლუბისთვის გააკეთა. მას ფანტასტიკური კარიერა ჰქონდა და სანიმუშო მაგალითია ყველა თანაგუნდელისთვის,” – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ “ბორნმუთთან” მატჩის შემდეგ.
“წარმოუდგენლად ამაყი ვარ, რომ 13 წლის მანძილზე “ევერტონში” თამაშის საშუალება მომეცა. კარიერის დასრულების გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა. ჩემთვის “ევერტონი” ყველაფერზე მეტს ნიშნავს,” – ვციტირებთ ბეინსის სიტყვებს.
აქვე გეტყვით, რომ ბეინსმა “სამი ლომის” მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა.