ევრა: “არ მრცხვენია იმის აღიარების, რომ ვმათხოვრობდი”
საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა, პატრის ევრამ, პრესასთან ბავშვობის რთულ პერიოდზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ევრამ კარიერის უდიდესი ნაწილი “ოლდ ტრაფორდზე” გაატარა, სადაც 15 ტიტული მოიგო.
“გულწრფელად გეტყვით, ძალიან რთული ბავშვობა მქონდა, რადგანაც ძალიან ბევრი დედმამიშვილი მყავდა. ქუჩაში ცხოვრება ადვილი არ ყოფილა. პარიზის ქუჩებში ვცხოვრობდი და ზოგჯერ საჭმელიც არ მქონდა.
მახსოვს, რომ როდესაც ჩემი ძმა დომინიკი მაკდონალდსში მუშაობდა, შესვენებაზე მასთან მივდიოდი და ის თავის საკვებს მინაწილებდა.
არ მრცხვენია იმის აღიარების, რომ ვმათხოვრობდი. მაღაზიების წინ ვიდექი და როდესაც ვინმე გამოივლიდა, ერთ დოლარს ვთხოვდი. ზოგი მაძლევდა ფულს, ზოგიც – არა. მე მხოლოდ სენდვიჩის ყიდვა მინდოდა.
ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ ბედნიერიც ვიყავი. ყოველთვის იღბლიანად ვთვლიდი თავს. ჩემ ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი, რადგანაც ამან მაქცია ისეთ ადამიანად, როგორიც ახლა ვარ,” – აცხადებს პატრის ევრა.