ევრა: “სუარესი მოედანზე ჩემ ყოფნას იგრძნობს”
დღეს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალია — ტურინის “იუვენტუსი” “ბარსელონას” წინააღმდეგ.
“ბებერი სინიორას” მცველ პატრის ევრას კიდევ ერთხელ მოუწევს ლუის სუარესთან შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ოქტომბერში ურუგვაელ ფეხბურთელს ევრას მიმართ რასისტული შეურაცხყოფის გამო რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
ფრანგმა მცველმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ის ინციდენტი და განაცხადა, რომ ფინალურ მატჩამდე სუარესს ხელს ჩამოართმევს.
“მისი ბოდიში არ მჭირდება. ამას არც აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის ეს პრობლემა არ არის. მატჩამდე ხელს ჩამოვართმევ, როგორც ეს “მანჩესტერ იუნაიტედში” ყოფნის პერიოდში გავაკეთე.
ის ვერასოდეს იქნება ჩემი საუკეთესო მეგობარი. წარსული წარსულს ჩაბარდა. ვამაყობ ჩემი ფერით.
მე ვთამაშობ “ბარსელონას” და არა ლუის სუარესის წინააღმდეგ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის მოედანზე ჩემ ყოფნას იგრძნობს.
სასამართლო პროცესზე არ მითქვამს, რომ სუარესი რასისტია. მე ვთქვი, რომ მან რასისტული კომენტარები გააკეთა. სუარესს იმდენად კარგად არ ვიცნობ, რომ მას რასისტობა დავაბრალო.
იმ მომენტში საკუთარ თავს ვაკონტროლებდი. თითქოს რაღაც ხმა ჩამესმოდა: “სულელური არაფერი გააკეთო, ხელი არ კრა, ამ თამაშს უამრავი ადამიანი უყურებს”.
ბავშვებისთვის მაგალითი უნდა იყო. რაიმე ცუდი რომ ჩამედინა, დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვერ ვითამაშებდი. შესაძლოა, ჩემთვის სამწლიანი დისკვალიფიკაციაც კი მოეცათ.
იმ მატჩის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონი და თანაგუნდელები გაოცებულები მიყურებდნენ. იმ მომენტში სხვა სამყაროში ვიყავი.
ის ჩემთვის მართლაც მძიმე დღე იყო, თუმცა ჩემი თავით ვამაყობ”, – უთხრა ევრამ ITV Sport-ს.