ევრო-2020-ზე ბუქარესტის სტადიონზე 13 ათას მაყურებელს დაუშვებენ
Digi24-ის ინფორმაციით, რუმინეთის სპორტის სამინისტრომ ევრო-2020-ზე ბუქარესტში გასამართ მატჩებზე გულშემატკივართა დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
სპორტის მინისტრმა ედუარდ ნოვაკმა განაცხადა, რომ სტადიონზე 13 ათას მაყურებელს დაუშვებენ. ეს ბუქარესტის ეროვნული სტადიონის 25 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, თითოეულმა გულშემატკივარმა უნდა დაამტკიცოს, რომ არ არის კოვიდინფიცირებული ან არის აცრილი. განიხილავენ მატჩებამდე სწრაფი ტესტის ჩატარების შესაძლებლობასაც.
რუმინეთის დედაქალაქი C ჯგუფის მატჩებს მიიღებს: ავსტრია—ჩრდ. მაკედონია, უკრაინა—ჩრდ. მაკედონია და უკრაინა—ავსტრია. ბუქარესტი იქნება ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მერვედფინალური შეხვედრის მასპინძელიც.
შეგახსენებთ, რომ ევრო-2020 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. ტურნირი 2020 წელს კორონავირუსული პანდემიის გამო ვერ ჩატარდა.