ევრობასკეტ 2015-ის შესარჩევი ტურნირის გათამაშების სისტემა ცნობილია
დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა გაიმართება. მას შემდეგ, რაც ფიბა-მ 3 ნაკრებს – ფინეთს, თურქეთს და საბერძნეთს მსოფლიოს ჩემპიონატის “ველური ბარათები” უბოძა, ევრობასკეტ 2015-ის შესარჩევში მონაწილე გუნდების რიცხვი 26-ამდე შემცირდა.
ფიბა-ევროპამ შესარჩევი ეტაპის გათამაშების სისტემა წარმოადგინა, რომელიც ცოტა არ იყოს, ჩახლართულია. სულ შეიქმნება 7 ჯგუფი, საიდანაც 5 იქნება 4-გუნდიანი, ხოლო 2 – სამგუნდიანი. შესარჩევ ტურნირში მონაწილე 26 გუნდი 13 საგზურისთვის იბრძოლებს, რომლებსაც ჯგუფების საუკეთესოები და 7-დან 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს.
მე-2 ადგილოსანების კლასიფიკაცია სამართლიანად რომ განხორციელდეს, 4-გუნდიან ჯგუფებში მე-2-ზე გასულ გუნდებს მე-4 ადგილზე გასულ გუნდებთან ნაჩვენები შედეგები არ ჩაეთვლება. შესაბამისად, 7-ივე ჯგუფის მეორეადგილოსანს თამაშების თანაბარი რაოდენობა ექნება და ნაჩვენები შედეგების მიხედვით საუკეთესო 6 გუნდი ევრობასკეტ 2015-ის საგზურს მიიღებს.
კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე გუნდებს კალათებში გაანაწილებენ. საქართველო, სავარაუდოდ, მე-2 კალათაში მოხვდება.
gbf.ge