ევროპა ლიგის ფინალი: სევილია – ბენფიკა
დღეს, ტურინსა და ვალენსიაში ევროპა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.
იუვენტუსი 0-0 ბენფიკა
“იუვენტუსმა” “ბენფიკასთან” საშინაო შეხვედრაში სტუმართა კარში გოლის გატანა ვერ მოახერხა და საშინაო ფინალის საგზურის გარეშე დარჩა. ტურინელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას და მომენტებიც უხვად შექმნეს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ასპროცენტიანი მომენტები პორტუგალიელთა კართან არც თ ისე ბევრი იყო.
მეორე ტაიმში “იუვენტუსმა” მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, თუმცა “ბენფიკა” კარგად იცავდა თავს. პორტუგალიელები მატჩის დამთავრებამდე 23 წუთით ადრე რიცხობრივ უმცირესობაშიც დარჩნენ, თუმცა ამას სტუმრებისთვის ხელი არ შეუშლია.
ვალენსია 3-1 სევილია
გოლები: ფეგული 14′ (1:0); ბეტო (ს.კ. 26′); მატიუ 70′ (3:0); მბია 90+4 (3:1)
ვალენსიაში გამართული მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება საკმაოდ დრამატული გამოდგა. გასვლით მატჩი 0-2 წაგების შემდეგ “ვალენსიამ” “სევილიას” პირველივე წუთებიდან აგრესიულად შეუტია, რამაც შედგი გამოიღო. მასპინძლებმა ანგარიში მე-14 წუთზე ფეგულის ლამაზი გოლით გახსნეს. 26-ე წუთზე კი ბეტოს ავტოგოლის შემდეგ ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გათანაბრდა.
“ვალენსიამ” მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად დაიწყო. “სევილიას” კი, ფაქტობრივად არაფერი არ გამოსდიოდა. 70-ე წუთზე კუთხურის შემდეგ მატიუმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა უნაი ემერის გუნდის კარში და ანგარიში 3:0 გახადა. ამ გოლის შემდეგ “მესტალიაზე” შეკრებილი გულშემატკივრები ფინალში გასვლას ზეიმობდნენ, თუმცა 94-ე წუთზე სტეფან მბიას გატანილი გოლით “სევილია” ფინალში აღმოჩნდა.