ევროპარლამენტარები ფიფას: „თქვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ ტურნირის ჩატარება არ არის“
ევროპარლამენტის დეპუტატებმა მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელებს თხოვნით მიმართეს, რათა ფიფამ მკაფიო და ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს ყატარის მთავრობას 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სტადიონების მშენებლობასთან დაკავშირებული დარღვევების გამო. პარლამენტართა თქმით, მუშათა მაღალმა სიკვდილიანობამ შეიძლება ამ მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის მოსამზადებელი პერიოდი მთლიანად ჩაშალოს.
დეპუტატებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამენ სამუშაო საათების ხანგრძლივობისა და მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო. პარლამენტარები აცხადებენ, რომ ყატარელმა დამსაქმებლებმა მიგრანტ მუშებს პასპორტები ჩამოართვეს, დასაქმებულები რამდენიმე თვეა უხელფასოდ მუშაობენ და მათ გადავსებულ საერთო საცხოვრებელში ცხოვრებას აიძულებენ.
„აუცილებელია, ფიფას შევახსენოთ, რომ მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს პასუხისმგებლობა მხოლოდ ტურნირის ჩატარებით არ შემოიფარგლება. ფიფას მოვუწოდებთ, რომ ჩვენი მხარდაჭერით ყატარს მკაფიო და ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს, რათა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ პერიოდში მონური შრომა არ დავუშვათ“, – აღნიშნულია დეპუტატთა განცხადებაში.
ევროპარლამენტარები ტენდერებში გამარჯვებულ ევროპულ კომპანიებსაც მოუწოდებენ, რომ ყატარში სპორტული ნაგებობების მშენებლობის პროცესი შრომითი სტანდარტების შესაბამისად მოხდეს.
ევროპარლამენტართა მიმართვას ფიფა უკვე გამოეხმაურა საგანგებო განცხადებით, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო მიესალმება რეზოლუციას და პოლიტიკური ლიდერებისგან ამ საკითხის გადასაჭრელად მხარდაჭერას ითხოვს.
ბექა დოგრაშვილი