ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი: ა ჯგუფის პრესკონფერენცია
დღეს, სატუმრო ჰუალინგში ევროპის 19-წლადმე ჩემპიონატზე, ა ჯგუფში მოთამაშე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
გიორგი ყიფიანი (საქართველო): “არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ საქართველოსთვის ამ ტურნირის მასპინძლობა დიდი პატივია. ყველა მონაწილე გუნდი ძლიერია. რამდენიმე გუნდს უფრო დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ყველას ჯგუფში წარმატების მიღწევა თანაბრად შეუძლია.
დარწმუნებული ვარ, ყველა ნაკრების მწვრთნელს მოწინააღმდეგე გუნდებზე ბევრი ინფორმაცია აქვთ. სამწუხაროდ, ლოჩოშვილმა ტრავმა ჯერ ვერ მოიშუშა. დიდი ალბათობით, პორტუგალიასთან მატჩში თამაშს ვერ შეძლებს. ფეხბურთელებს გათავისებული აქვთ, რა დონის ტურნირში იღებენ მონაწილეობას, თუმცა ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში არ უნდა გადავიდეს. ისინი შეეცდებიან თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინონ. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე სქემა დავამუშავეთ.
ბულგარეთთან შეხვედრებში გაფართოებული შემადგენლობა გვყავდა. ლოჩოშვილის გარდა, მინდა არდაზიშვილის ტრავმა აღვნიშნო, რომელიც ტურნირზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. ვწუხვარ, ამის გამო. მე მათ ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ეს ფეხბურთის ნაწილია.”
ელიო სოუზა (პორტუგალია): “ეს ტურნირი ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ წარმატების მისაღწევად ვიბრძოლებთ. ვეთანხმები კოლეგებს, ჯგუფი ძალიან თანაბარია, ყველაფერი კონკრეტულ მატჩებზე იქნება დამოკიდებული.
ჩვენი სტილით ვითამაშებთ. ყველა ჩვენგანი ერთმანეთს კარგად იცნობს. რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, შევეცდებით, თითოეულ შეხვედრაში სამი ქულა მოვიპოვოთ, თუმცა ეს რთული იქნება.
შეკრება 23-კაციანი შემადგენლობით დავიწყეთ, ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, თუმცა ვფიქრობ, ყველა საჭირო მოთამაშე ადგილზეა.”
იან სუხოპარეკი (ჩეხეთი): “ამ ტურნირზე მონაწილეობის მიღება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. პორტუგალია და შვედეთი გამოცდილი გუნდებია, თუმცა ნაკლები არც ჩვენ ვართ. აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ჰავაა.
ჩვენ ყველა მატჩის მოგება გვინდა, როგორ ვითამაშებთ, ეს საიდუმლოა. ის ფეხბურთელები შევარჩიე, რომლებიც ამ ეტაპზე საუკეთესოდ მიმაჩნდა. მართალია, სამი ფეხბურთელი გვაკლია, თუმცა, ვფიქრობ, კარგად თამაში შეგვიძლია.”
კლაეს ერიქსონი (შვედეთი): “უპირველეს ყოვლისა, ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა ჩვენთვის დიდი პატივია. კოლეგებს ვეთანხმები, ჯგუფი თანაბარია და ყველა კარგი გუნდია.
ჩვენი მთავარი მიზანი ნახევარფინალში მოხვედრაა. რაც შეეხება სტილს, შვედურ სულისკვეთებას, ნიჭსა და პროფესიონალიზმს გამოვიყენებთ.
სამწუხაროდ, ხუთი-ექვსი ფეხბურთელი გვაკლია. შვედეთის ჩემპიონატი დღეს დაიწყო და რადგანაც, ფიფას კალენდრით გამოყოფილი დღეები არ არის, ისინი თავიანთ კლუბებში რჩებიან.”