ევროპის ლიგა “მანჩესტერ იუნაიტედმა” მოიგო (ვიდეო)
შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ამსტერდამის “აიაქსსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის ევროპის ლიგის ფინალური მატცი გაიმართა, რომელიც ინგლისური გუნდის კარნახით წარიმართა და მისივე გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
“წითელი ეშმაკები” მე-18 წუთზე დაწინაურდნენ: ჰოლანდიელებმა საკუთარ ნახევარზე აუტის უხეიროდ გათამაშების შედეგად მეტოქეს კარგი შეტევის განხორციელების საშუალება მისცეს, პოლ პოგბა დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, დარტყმისას რიკოშეტიც მოხდა, მეკარე საპირისპირო მიმართულებით წავიდა და რეაგირება ვეღარ მოასწრო. მატჩის პირველი ნახევარი ჟოზე მოურინიოს გუნდმა 1:0 მოიგო.
შეხვედრის მეორე ტაიმის დებიუტში ჰოლანდიელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ვინაიდან ინგლისელებმა მეორე ბურთი გაიტანეს: კუთხურის მოწოდების შემდეგ მეორე სართულზე ბრძოლა კრის სმოლინგმა მოიგო, ბურთი ჰენრიხ მხითარიანს მიუვიდა, რომელმაც რთული პოზიციიდან ერთი შეხებით გადაგზავნა მეტოქის კარში და საკმაოდ ეფექტური გოლიც გამოუვიდა – 0:2. მატჩის ბოლოს გოლის გატანის შესაძლებლობა შეცვლაზე შემოსულ ჯესი ლინგარდსაც ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან ერთი ერთზე მყოფმა დაახანა და შანსი ხელიდან გაუშვა.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” “აიაქსი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში ევროპის ლიგა პირველად მოიგო.
ევროპის ლიგა
ფინალი
“აიაქსი” — “მანჩესტერ იუნაიტედი: 0:2 (0:1)
სტოკჰოლმი, “ფრენდს არენა”
“აიაქსი”: ონანა; ველტმანი, სანჩესი, დე ლიგტი, რიდევალდი (ფრენკი დე იონგი 82′); შიონე (ვან დე ბეეკი 70′), კლაასენი, ზიეჩი; ტრაორე, დოლბერგი (დავიდ ნერესი 62′), იუნესი.
მთავარი მწვრთნელი: პეტერ ბოში.
“მანჩესტერ იუნაიტედი”: რომერო; ვალენსია, სმოლინგი, ბლინდი, დარმიანი, ერერა, ფელაინი, პოგბა; მატა (რუნი 90′), მხითარიანი (ლინგარდი 74′), რაშფორდი (მარსიალი 84′).
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
გოლები: პოგბა 18′, მხითარიანი 48′.
გაფრთხილებები: ველტმანი 58′, იუნესი 64′, რიდევალდი 78′ — მხითარიანი 31′, ფელაინი 52′, მატა 78′.
მთავარი მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).