ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ წერტილში რაგბი აიტანეს
პროექტი ‘რაგბი მთაში’ გრძელდება და ფშავ-ხევსურეთის შემდეგ, მეორე დანიშნულების ადგილი სვანეთია. იდეის ავტორებმა საკუთარი შემოქმედება უკვე მეორედ აქციეს ფილმად, რომლის პრეზენტაციაც 22 აგვისტოს შედგა.
პროექტი ადგილობრივი მოზარდებისთვის რაგბის გაცნობასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად , რომელიც ფონდი „ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა-საქართველო”-ს, რაინო ჯორჯიას (Rhino Georgia), სტრატეგიული ბრენდინგგის სააგენტო ლაივის (LIVE Branding), ქართველი ლეგიონერის გიორგი ჟღენტისა და ალექსი ჩიქოვანის მხარდაჭერით ხორციელდება.
ლენჯერი, მესტია, ჟაბეში, იფარი და ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული წერტილი უშგული – ეს სვანეთის ტურია, რომელიც ორგანიზატორებმა 5 დღეში დაფარეს. აგვისტოს ექსპედიციას ორი ახალი წევრი, ლუკა მარეხაშვილი და პროფესიონალი მწვრთნელი როინ ბრეგვაძე შეემატნენ. სწორედ ამ უკანასკნელის დამსახურებით სვანი მოზარდები რაგბის უნარ-ჩვევებს ეუფლებოდნენ.
ლევან ჯობავა (პროექტის ავტორი): „ჩვენი მიზანი ორივე ექპედიციის ჯამად მიღწეულად მიგვაჩნია. როგორც ფშავ-ხევსურეთში, ასევე სვანეთში ავიტანეთ რაგბი, ვათამაშეთ ბავშვები, დავაინტერესეთ და ეს უკვე მიღწეული მიზანია. გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ მთაში არსებობს რესურსი და ბავშვებს პროფესიონალი მწვრთნელების დახმარებით ბევრის მიღწევა შეუძლიათ. გამოჩნდა დაინტერესებული ფონდიც, რომელთან ერთადაც ვამუშავებთ გეგმას, თუ როგორ გავაგრძელოთ იმ ბავშვებთან მუშაობა, რომლებსაც სარაგბო მონაცემები აღმოაჩნდათ.“
შემდეგი ექსპედიცია რაჭისკენ ზაფხულის ბოლომდე დაიძრება. პროექტის ავტორები აგვისტოს ბოლომდე შეეცდებიან რაგბი ნიკორწმინდაში, ამბროლაურში, ონში, უწერასა და შოვში აიტანონ.
Rugby.GE