ევროპის თასი საბურთალომ მოიგო
საფეხბურთო სკოლა “საბურთალოს” გამარჯვებით დასრულდა“ევროპის თასი”, რომელიც დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა, სულ კი 44 გუნდამდე იყო თავმოყრილი. დღეს კი მთავარი მატჩი შედგა – ფინალურ სტადიაზე ერთმანეთს კონკურენტი გუნდები, “საბურთალო” და “დინამოს” აკადემია დაუპირისპირდნენ. მართალია, შეხვედრა საგოლე მომენტების სიმრავლით არ იყო გამორჩეული, მაგრამ იყო ისეთი დაპირისპირება, როგორც დასკვნით მატჩს ახასიათებს – ნერვიული, დაძაბული, “ჩაკეტილი”. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ყველაფერი კი თერთმეტმეტრიანმა დარტყმებმა გადაწყვიტა, სადაც “საბურთალომ” უკეთ წარმოაჩინა თავი და საპატიო თასს დაეუფლა!
პირველი ნახევარი “საბურთალოს” კარნახით მიმდინარეობდა და მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე ნახევრის ბოლო წუთებზე უპირატესობას უკვე “დინამო” დაეუფლა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, საქმე საფეხბურთო ლატარიამდე მივიდა. პენალტების სერიაში “საბურთალომ” “დინამო” 3:2 დაამარცხა. ჩვენი გუნდიდან 11
მეტრიანები ნონიკაშვილმა, კიკნაძემ და ლორთქიფანიძემ გაიტანეს. გამარჯვებას მთელი “საბურთალო” ზეიმობდა, განსაკუთრებით კი ფეხბურთელები და ჩვენი სკოლის ის პატარა ქომაგები, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში გვერდში ედგნენ და მხურვალედ ქომაგობდნენ ჩვენს გუნდს.
ერთი საინტერესო დეტალი: “საბურთალომ” ტურნირი ისე დაასრულა, რომ საკუთარ კარში გოლი არ მიუღია – ორივე ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებს მშრალზემოუგო, შემდეგ კი ნახევარფინალში “ნორჩი დინამოც” მიაყოლა 2:0.
როგორც წინასწარვე იყო ცნობილი, გამარჯვებული გუნდი 7-12 ივლისის ჩათვლით ბერლინში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება და მას სრულად დააფინანსებს ტურნირის მთავარი ორგანიზატორი, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი. სწორედ, “კობისა” და მისი მეგობრების მეშვეობით ჩატარდა აღნიშნული შეჯიბრება, რომელსაც ლამაზი დასასრული ჰქონდა!
დღეს “მიხეილ მესხზე” მართლაც რომ დიდი სტუმრიანობა იყო. ტურნირი დააფასეს მთავრობის წევრებმაც – ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა. მომავალ თაობას თვალს ადევნებდნენ სხვა და სხვა თაობის ვეტერანი ფეხბურთელები დავით მუჯირი (უფროსი), გრიგოლ ცაავა, ოთარ კორღალიძე, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი კიკნაძე, ზაზა ზამთარაძე. რაც შეეხება უმცროს მუჯირს, იგი ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ და დიდი სამუშაო გასწია, რომ შეჯიბრება ასე სანახაობრივად დასრულდა. ტურნირს, ასევე დაესწრო ლევან კობიაშვილიც, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა გერმანიიდან. საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და პრიზიორი გუნდები დააჯილდოვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.
რაც შეეხება ტურნირის საუკეთესოებს – ექვსი ნომინაციიდან საბურთალოელები სამში გამარჯვებულად გამოცხადდნენ:
საუკეთესო მეკარე – ირაკლი ხიზანიშვილი (შიდა ქართლი)
საუკეთესო მცველი – დავით სამსონია (საბურთალო)
საუკეთესო ნახევარმცველი – გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო)
საუკეთესო თავდამსხმელი – საბა კიკნაძე (საბურთალო)
ბომბარდირი – ზუკა დავითაშვილი, 3 გოლი (დინამო)
საუკეთესო ფეხბურთელი – დავით ლორთქიფანიძე (საბურთალო).
მატჩის შემდეგ მას-მედიის წარმომადგენლებისთვის მცირე კომენტარებით შემოიფარგლნენ ტურნირის ორგანიზატორები, მთავრობის წარმომადგენლები და მოზარდი ფეხბურთელები:
კახა კალაძე (ენერგეტიკის მინისტრი): “პირველ რიგში, ვულოცავ ‘საბურთალოს” გამარჯვებას! ნამდვილად საინტერესო და დაძაბული მატჩი იყო. რაც უფრო ხშირად ჩატარდება მსაგავსი ტურნირები, ისევ და ისევ ქართულ ფეხბურთს წაადგება. სწორედ, ასეთ თამაშებში უნდა აღიზარდნონ ნიჭიერი ფეხბურთელები. მჯერა, ამ ტურნირზე თამაშობდნენ ის ბავშვები, რომლებიც მომავალში ქვეყნის პირველ გუნდში დაიმკვიდრებენ ადგილს”.
ლევან კობიაშვილი (ტურნირის ორგანიზატორი): “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ტურნირმა გაამართლა და საინტერესო სანახაობა ვიხილეთ. დაძაბული მატჩი იყო, ისეთი, როგორც ფინალურ შეხვედრას შეშვენის. ჩვენმა მოზარდებმა აუცილებლად უნდა მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, თუ გვინდა, რომ მომავალში წარმატებაზე ვიფიქროთ”.
საბა კიკნაძე (“საბურთალოს” ფეხბურთელი): “ძალიან გახარებული ვარ, მადლობა ყველას, რომ ასე მხურვალედ გვქომაგობდნენ და გვერდში გვედგნენ. ბოლომდე ვიბრძოლეთ და ვფიქრობ ღირსეულად დავეუფლეთ “ევროპის თასს”.
fcsaburtalo.ge