ევროპული ფეხბურთის ხვალინდელი დღე (მეორე ნაწილი)
ახალგაზრდა და პერსპექტიულ ფეხბურთელებზე ყოველთვის ბევრს საუბრობენ და დიდ იმედებსაც ამყარებენ. გთავაზობთ იმ მართლაც გამორჩეულ მოთამაშეებს, რომლებიც ამ ეტაპზე საკუთარ კლუბებში წამყვან პოზიციებზე არ არიან, თუმცა მომავალში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ. შესაძლოა, მათ თავი 2015-შიც გამოიჩინონ.
მუნირ ელ ჰადადი, “ბარსელონა”
19 წლის, ფორვარდი
ასეთ ასაკში ტოპ კლუბში თავის დამკვიდრება რთულია. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც შენი კონკურენტები მესი და ნეიმარი არიან. მაროკოელ ესპანელს “ბარსაში” უკვე სათმაშო დროც და გოლებიც აქვს. ბუნებრივია, კატალონიელები მას უკეთეს პირობებსაც უქმნიან, რაც მის ახალ კონტრაქტზეც აისახა.
მაქსიმილიან მაიერი, “შალკე”
19 წლის, შემტევი ნახევარმცველი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მაიერმა “მარიბორის” კარში მოედანზე შესვლიდან 5 წუთში გამარჯვების გოლი გაიტანა. მაქსისთვის ეს გელზენკირხენულ კლუბში პირველი გაბრწყინება არ არის. ახალგაზრდა მოთამაშეს გუნდში პირველ როლებზე გადასასვლელად ყველანაირი პირობა და მონაცემები აქვს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს უკვე რამდენიმე ტოპ კლუბი იჩენს.
კალუმ ჩამბერსი, “არსენალი”
19 წლის, მარჯვენა მცველი
არსენ ვენგერმა ზუსტად იცოდა ვინ უნდა წაეყვანა შარშანდელი “საუთჰემპტონიდანა” საკუთარ შემადგენლობაში. მან არჩევანი გუნდის ყველაზე სტაბიულურ მოთამაშეზე შეაჩერა და 19 წლის ასაკში ის “არსენალის” ძირითადი შემადგენლობის წევრად აქცია. ჩამბერსი უშეცდომო რა თქმა უნდა არ არის, თუმცა ის საკმაოდ სწრაფად სწავლობს და პროგრესირებას ასეთი ტემპით თუ გააგრძეელბს გუნდის უცვლელი წევრი გახდება ან “არსენალისთვის” დამახასიათებელი ტრადიციით რომელიმე კონკურენტ გუნდში გადავა.
ჟოფრეი კონდოგბია, “მონაკო”
21 წლის, საყრდენი ნახევარმცველი
გუნდიდან მთავარი ვარსკვლავების წასვლის შემდეგ “მონაკოში” კონდოგბიას როლი გაიზარდა და მონეგასკთა თამაშში ის მნიშვნელოვანი ფიგურაა. საკმაოდ აგრესიულ და ფიზიკურად კარგ ფორმაში მყოფ საყრდენს ზურგს ნორმალური ტექნიკაც უმაგრებს, რაც კონდოგბიას ტოპ-კლასის ფეხბურთელად ქმნის. “მონაკო” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშია და ფეხბურთელიც წასვლაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს, თუმცა მის მიმართ ინტერესს მადრიდის “რეალი” იჩენს.
ხოსე ლუის გაია, “ვალენსია”
19 წლის, მარცხენა მცველი
გასულ სეზონში გაიას ფაქტობრივად არ უთამშია, თუმცა ახალი მწვრთნელის მოსვლასთან ერთად ის გუნდის შეუცვლელი ფიგურა გახდა. “ღამურების” დაცვა წელს საკმაოდ კარგად გამოიყურება და მათ შორის ხოსე ლუისი ერთ-ერთი საუკეთესოა. გაიას ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან ერთად ესპანური და ინგლისური გრანდებიც აკვირდებიან.