ევროპული საკლუბო სეზონი ექვსმა ქართველმა ხელბურთელმა დაიწყო
გაიხსნა 2015-16 წლების საკლუბო სეზონი, რომელიც 6 ქართველი ხელბურთელი დაიწყო ევროპულ კლუბებში. მათ შორის სამი ევროტურნირებზეც გამოვა.
სეჰა ლიგის (სამხრეთ-აღმოსავლეთის ხელბურთის ასოციაცია) გათამაშების პირველ ტურში ერთმანეთს შეხვდნენ რევაზ ჭანტურიას „სტრუმიცა“ (მაკედონია) და სერგო დათუკაშვილის „ვოივოდინა“ (სერბეთი). მატჩი ფრედ, 25:25 დასრულდა.
ჭანტურიამ მატჩში 8 გოლი გაიტანა (11-დან 8 შედეგიანი შეტევა მარჯვენა კუთხიდან, 1 აცილებული შვიდმეტრიანი), თუმცა, მატჩის ბოლოს წითელი ბარათი მიიღო და მომდევნო თამაში, სლოვაკეთის „ტატრან-პრეშოვთან“ გამოტოვა, მისი გუნდი კი შინ დამარცხდა 24:31.
ნოვი სადის „ვოივოდინას“ 37 წლის ვეტერანი, სერგო დათუკაშვილი, ჯერჯერობით ცოტას თამაშობს. სტრუმიცაში მან ორი დარტყმიდან გოლი ვერ გაიტანა. ხოლო მომდევნო მატჩში, „ვარდართან“ ერთი გოლი გაიტანა, „ვოევოდინა“ კი დამარცხდა (27:37).
რუმინეთის ჩემპიონატი სამმა ქართველმა დაიწყო. ვლადიმერ რუსიას კლუბი „ოდორჰეი“ 3 გუნდთან ერთად 3 თამაშიდან 9 ქულით ლიდერობს ჩემპიონატს. რუსიამ 1 გოლი გაიტანა სტუმრად მოგებულ მატჩში „პლოეშტისთან“ (30:28), შემდეგ შინ სამი გოლი შეუგდო შარშანდელ ჩემპიონ „ბაია მარეს“ (22:18), მესამე მატჩი კი, სტუმრად, მცირე ტრავმის გამო გამოტოვა დებიუტანტ „ფოჩანისთან“ (32:20). „ოდორჰეი“ რანგით მესამე ევროტურნირზე, „ჩელენჯ კაპზეც“ ითამაშებს, რომელიც გასულ სეზონში მოიგო და ტიტულის დაცვას შეეცდება.
„ოდორჰეიდან“ რუმინეთის უმაღლესი ლიგის დებიუტანტში, „რეშიცაში“ გადავიდა საქართველოს ნაკრების მეკარე შოთა თევზაძე. „რეშიცამ“ სეზონი კარგად დაიწყო და 3 მატჩში 7 ქულა აქვს. თევზაძის კლუბმა სტუმრად დაამარცხა „ფოჩანი“ (27:20) და „უნივერსიტატია“ (32:27), ხოლო შინ ფრედ ითამაშა „ვასლუისთან“ (27:27).
ირაკლი ჩიქოვანის „ტიმიშოარას“ კი, მხოლოდ 3 ქულა აქვს. კლუბი შინ დამარცხდა „ბუქარესტთან“ (23:24), სტუმრად „სტიაუასსთან“ (21:27) და შინ მოუგო „ტურდას“ (29:22). ქართველმა შუამარბმა ამ სამ მატჩში 18 გოლი გაიტანა (შესაბამისად, 8, 3 და 7).