ევროთასების ხუთი გაკვეთილი
ჩემპიონთა და ევროპის ლიგებში ფინალისტები გამოვლინდნენ. გთავაზობთ ნახევარფინალური მატჩების ყველაზე მნიშვნელოვან დასკვნებს.
დნიპროს იდეალური დღე
იტალიურმა გუნდმა კიევში მოლოდინისამებრ შემტევი, აგრესიული ფეხბურთი ითამაშა და პირველ ტაიმში გოლის გატანასთან საკმაოდ ახლოსაც იყო, თუმცა დენის ბოიკომ ნეაპოლში ჩატარებული მატჩის მსგავსად კიევის ოლიმპიურ სტადიონზეც შესანიშნავდ ითამაშა და მეტოქეს კარის აღების საშუალება არ მისცა.
აშკარა იყო ბენიტესის შეცდომაც. ესპანელმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობა უბრალოდ ვერ გამოიცნო.დაკარგულები იყვნენ კალიეხონი და გაბიადინი, ხოლო შეცვლაზე შესული დრის მერტენსი სასტარტოში მყოფ ლორენცო ინსინიეზე გაცილებით აქტიური აღმოჩნდა.
იტალიაში გატანილი გოლი “დნიპროს” მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევდა, თუმცა მირონ მარკევიჩის შეგირდები მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე არ ფიქორბდნენ და კონტრშეტევებზე ცდილობდნენ თამაშს, რაც გამოუვიდათ კიდეც. გატანილი გოლის შემდეგ კი უკრაინელთა მთავარი მიზანი დროის გაყვანა იყო, რაც შესრულდა კიდეც.
ნათელია, რომ “დნიპროს” გავარდნა მოულოდნელი შედეგი არ იქნებოდა, თუმცა უკრაინული გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად წარიმართა: მსაჯის შეცდომა, “ნაპოლის” პრობლემები, ბოიკოს კარგი თამაში, სელეზნიოვის პირველი გოლები ტურნირზე…
იუვენტუსი უკანასკნელი 12 წლის საუკეთესო სეზონს ატარებს
ანტონიო კონტე ამბობდა, რომ ახალ დონეზე გასასვლელად და ევროპაში წარმატების მისაღწევად გუნდს შესაბამისი კლასის მოთამაშეები სჭირდება. კარლოს ტევესმა ბებერ ქალბატონს ვერ უშველა. აი ალვარო მორატას შეძენით კი ტურინელებმა მიზანში მოარტყეს. თუმცა, სიტუაციაზე თავად კონტეს წასვლამაც იმოქმედა.
“რეალთან” მატჩის წინ “იუვეს” მხოლოდ თავგადაკრულ ფანებს თუ სჯეროდად საბოლოო წარმატების. სტუმრად წაგების შედმეგაც კი კარლო ანჩელოტის გუნდი წყვილში აშკარა ფავორიტი იყო, თუმცა “იუვენტუსმა” მადრიდში ბოლომდე იბრძოლა და ბერლინის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა.
“იუვე” ევროპული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა და ეს საკმაოდ ეფექტურადაც გააკეთა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებამ კლუბს უკვე 80 მილიონი ევრო მოუტანა. აშკაა, რომ ბებერი ქალბატონი უკანასკნელი 12 წლის მანძილზე საუკეთესო სეზონს ატარებს.
მსოფლიოს საუკეთესო შეტევის ხაზი
მესი – სუარესი – ნეიმარი. მიუნხენში “ბარსელონამ” ორი საგოლე შეტევა განახორციელა, რომლებშიც უშუალო მონაწილეობა კლუბის სამივე შემტევმა მიიღო. არგენტინელი იწყებდა, ურუგვაელი აგრძელებდა, ბრაზილიელი კი ამ საქმეს შედეგიანი დამაგვირგვინებელი დარტყმით ასრულებდა. მიმდინარე სეზონში შესანიშნავი ტრიოს ანგარიშზე 115 გოლია. ასეთი შედეგი მსოფლიოს არც ერთი გუნდის შეტევის ხაზს არ აქვს.
“რეალისა” და “ბარსელონას” მარადიულ დაპირისპირებაში კატალონიელები ახლა ყველა ფრონზე დამაჯერებლად იგებენ. სანამ მადრიდში გარეთ ბეილის ცუდი ფორმის მიზეზებზე საუბრობენ, ბარსელონელი ფანები ლუის სუარესის და ნეიმარის კლუბის ლეგენდების სიაში დამატებას განიხილავენ.
ბაიერნს ღირსეულად წაგება შეუძლია
“ბარსელონასთნ” 0:3-ს შემდეგ საპასუხო შეხვედრა უბრალო ფორმალობაა… ეს არ არის “პორტუ”, რომელსაც გერმანიაში 6:1-ს მოუგებ. ასე რომ, მიუნხენელთა ქამბექზე საუბარი არც ყოფილა.
“ბაიერნის”, რომელიც კვლავ რიბერისა და რობენის გარეშე თამაშობდა, მთავარი მიზანი ასპარეზობის ღირსეულად დასრულება იყო, რაც საბოლოოდ მიუნხენელებმა შეასრულეს კიდეც.
მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა შეძლეს, შემდეგ ორი გოლი გაუშვეს, თუმცა არ გატყდნენ და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით მოახერხეს თამაშის მოგება. გერმანელები ისე თამაშობდნენ, თითქოს ფინალში ასპარეზობის შანსი ჰქონდათ და ესპანეთში განცდილი მარცხი უბრალოდ არ ახსოვდათ.
თუმცა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ხსენებულ შეხვედრაში “ბარსელონა” თავს არ იკლავდა და ძალებს სეზონის დარჩენილი, უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ზოგავდა.
სევილიამ ფიორეტინას ფსიქოლოგიურად აჯობა
ესპანეთში “სევილიამ” და “ფიორენტინამ” კარის ჩარჩოში 5-5 დარტყმა შეასრულეს, თუმცა შეხვედრა ფლორენციელთა მარცხით, 0:3 დასრულდა. ვინჩენცო მონტელა, რა თქმა უნდა, ამბობდა, რომ განმეორებით მატჩში მისი გუნდი ბოლომდე იბრძოლებდა, თუმცა შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს მისი შეგირდები პირველი მატჩის შემდეგ საბოლოო შედეგს უბრალოდ შეგუებულები იყვნენ.
“ფიორენტინას” მიერ მორიგი გაცუდებული პენალტი კი შეხვედრის საერთო სურათში შესანიშნავად ჯდება – ტოტალური წარუამტებლობა. დაცვაში დაშვებულმა ორმა უხეშმა შეცდომამ და ნომინალური ფორავრდების არყოფნამ კი საბოლოო შედეგზე იქონია გავლენა. მართალია, მარიო გომესი მიმდიანრე სეზონში განსაკუთრებულს ვერაფერს აკეთებს, თუმცა მის გარეშე ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა.
“სევილია” არტემიო ფრანკიზე მეტოქეს განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდა და საკუთარ საქმეს ასრულებდა. უნაი ემერის გუნდს ნახევარ საათში ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა. ანდალუსიელები ზედიზედ მეორედ ითამაშებენ ევროპის ლიგის ფინალში და ხუანდე რამოსის დროინდელი შედეგის, თასის ორჯერ მოგების განმეორებას ეცდებიან.