ევროვიზიის კონკურსისთვის კიევში სკამები ლვოვის სტადიონიდან მიაქვთ (ფოტო)
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩატარდება. ეს თემა ჩვენს ვებსაიტზე ვერ მოხვდებოდა, რომ არა ერთი უცნაური გარემოება. ევროვიზიის კონკურსისთვის კიევში სკამები ლვოვის სტადიონიდან მიაქვთ.
“არენა ლვოვის” ტრიბუნაზე 7 ათასი სკამის დემონტაჟი მოხდება, რაც სტადიონის ტევადობის დაახლოებით 20 პროცენტია. სკამების იჯარისთვის “არენა ლვოვს” 500 ათასს გრივნას გადაუხდიან და სტადიონზე მაისის ბოლოს დააბრუნებენ. უკრაინის დედაქალაქში სკამების პირველი ნაწილი გუშინ გადაიტანეს.
ევროვიზიის კონკურსის ნახევარფინალი 9 და 11 მაისს არის დაგეგმილი, ხოლო ფინალი კიევის საგამოფენო ცენტრში, 13 მაისს ჩატარდება. კონკურსზე საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ “არენა ლვოვი” სპეციალურად 2012 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის აშენდა. ამ სტადიონზე ადგილობრივი “კარპატი” თამაშობს. ერთხანს “არენა ლვოვზე” ატარებდა საშინაო მატჩებს დონეცკის “შახტარიც”, თუმცა დასწრებადობის დაბალი მაჩვენებლის გამო გუნდი ხარკოვის “მეტალისტზე” გადაბარგდა.