ფაბრეგასს ბავშვისთვის ბურთის მორტყმის გამო უჩივლეს (ფოტო)
ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი უსიამოვნო ისტორიაში გაეხვა.
“სანის” ცნობით, ესპანელი ფეხბურთელი ლონდონის ერთ-ერთ პარკში ბურთით თამაშობდა და შემთხვევით ექვსი თვის ბავშვს მოარტყა, რის შემდეგაც სწრაფადვე შემთხვევის ადგილის დატოვება სცადა.
მომხდარს ბავშვის დედა ვიქტორია იხსენებს:
“მარკი მზეს ეფიცხებოდა, სანამ ბურთი მოხვდებოდა. ბურთი ძალიან ძლიერად თავის არეში მოხვდა. იმ კაცის სახელის გაგებას შევეცადე, შემდეგ კი საქმეში მისი მეუღლე ჩაერთო, რომელმაც მითხრა, რომ დანიელა ჰქვია და ტელეფონის ნომერი მომცა. ქალმა ჩემს შვილს შეხედა და თქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. საინტერესოა, ასეთი რამ მის შვილს რომ მოსვლოდა, ასეთივე დამშვიდებული იქნებოდა? ისიც თქვა, რომ ჩემს შვილს ბურთი არა მისმა მეუღლემ, არამედ ქალიშვილმა მოარტყა. მითხრა, რომ საღამოს დამირეკავდა და მარკს მოიკითხავდა, მაგრამ არ დარეკა. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო ფაბრეგასი. შემდეგ პარკში მყოფებმა მითხრეს, თუ ვინ იყო ის”.
ბავშვის დედამ ფაბრეგასს სასამართლოში უჩივლა და მისგან 165 ათას ფუნტს ითხოვს. მშობელმა განმარტა, რომ 540 ფუნტი ბავშვის სამედიცინო გამოკვლევაში დახარჯა, ხოლო დანარჩენ თანხას სხვა სამედიცინო ხარჯებისთვისა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ითხოვს.
“ფაბრეგასი საკმარისად შეძლებულია იმისთვის, რომ ჩემი შვილის კერძო სამედიცინო შემოწმების ხარჯები დაფაროს. ბავშვი რომ დაშვებულიყო, ფაბრეგასს მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწევდა თანხის გადახდა”, – აღნიშნავს ვიქტორია.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფაბრეგასის წარმომადგენელმაც:
“დანიელას ქალიშვილმა ბურთი დაარტყა, ოღონდ არა ძლიერად და მოხვდა ბავშვს. დანიელამ და მისმა ქალიშვილმა ბოდიში მოიხადეს. დანიელამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად მშობელს დაურეკა და მიწერა კიდეც, მაგრამ პასუხი არ მიიღო და ჩათვალა, რომ შეშფოთების მიზეზი არ ჰქონდა”.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პარკში ბურთით თამაში აკრძალულია.