Fanebi.Com-ის განცხადება
რამდენიმე დღის წინ, სპორტულმა პორტალმა Adjarasport.com-მა ეროვნული ლიგის გასული სეზონის ანტისიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც სტატია გამოქვეყნდა, ანტისიმბოლური ნაკრების ერთ-ერთი წევრი ავტორს დაუკავშირდა, მას მასალის აღება მოსთხოვა და დაემუქრა.
გთავაზობთ განცხადებას, რომელიც adjarasport.com-მა გაავრცელა:
11 დეკემბერს adjarasport.com-ზე ეროვნული ლიგის ანტისიმბოლური გუნდი გამოქვეყნდა, მასში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებმაც, რედაქციის მოსაზრებით, მიმდინარე სეზონი წარუმატებლად ჩაატარეს. ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი “სამტრედიას” შემტევი ნახევარმცველი ბექა ტუღუში გახდა.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ტუღუში adjarasport.com-ის ერთ-ერთ ჟურნალისტს დაუკავშირდა, ჯერ სტატიის საიტიდან აღება მოსთხოვა, შემდეგ ჟურნალისტის უფლებების შეზღუდვას შეეცადა, ბოლოს კი მუქარისშემცველი ტექსტი მისწერა.
ჩვენი სარედაქციო კოლექტივი გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს ყველა სპორტსმენს, თავი შეიკავოს არაპროფესიონალური, მუქარისშემცველი განცხადებებისგან. მსგავსი საუბრით, ისინი შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ თავს, პროფესიას, რომელსაც ემსახურებიან, ქვეყანასა და გუნდს, რომლის რიგებშიც ირიცხებიან.
adjarasport.com საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სპორტული ონლაინპორტალია, რომლის უმთავრესი მისია იყო, არის და იქნება ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობა და ქართველი სპორტსმენების ხალხისთვის გაცნობა. adjarasport.com წლებია, საქართველოს ჩემპიონატს აქტიურად აშუქებს და ცდილობს, ეროვნული ლიგის პოპულარიზაციას ხელი შეუწყოს.
adjarasport.com-ის რედაქცია მოუწოდებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ლიგასა და საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას”, მიიღონ შესაბამისი ზომები, მხარი დაუჭირონ საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
Fanebi.Com სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს და მხარს უჭერს მედიის თავისუფლებას!