ფინელები ნაკრების მომავალ მწვრთნელს ინტერნეტით ეძებენ
ფინეთის ფეხბურთის ასოციაციამ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვაკანსია გამოაცხადა.
3 აგვისტომდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი რეზიუმეს გაგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე, თან სასურველი ხელფასის მითითებით. მოთხოვნებიც მკაფიოა: კანდიდატი უნდა ფლობდეს უეფას პრო ლიცენზიას და ფინელი ფეხბურთელების პოტენციალზე წარმოდგენა უნდა ჰქონდეს.
ახალ მწვრთნელს ორ ან ოთხწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ. ის მუშაობას 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიდანვე შეუდგება.
მათთვის, ვისაც დამატებითი შეკითხვები გაუჩნდება, მითითებულია ასოციაციის პრეზიდენტის ელექტრონული მისამართი.
შეგახსენებთ, რომ ფინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მიქსუ პაატელაინენი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გუნდი უნგრეთის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.