FUTSAL EURO: პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი თბილისში
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის განმეორებითი მატჩისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურამდე ერთი მატჩი აშორებს. საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ორი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია, პლეიოფის პირველი შეხვედრა კი ქალაქ დევაში რუმინეთთან ფრედ, 2:2 ითამაშა. მიმდინარე წელს გამართული შვიდი ოფიციალური მატჩიდან ჩვენმა გუნდმა სამი მოიგო, ოთხი კი ფრედ დაასრულა. პლეიოფში საქართველო-რუმინეთს შორის გამარჯვებული ნაკრები სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს ყოფილა.
პლეიოფის პირველი მატჩი საქართველოს ნაკრების მეკარემ ზვიად კუპატაძემ ტრავმის გამო გამოტოვა. ფეხბურთელი უკვე ჯანმრთელადაა და განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. ტრავმის გამო ნაკრებს გიორგი ნიშნიანიძე ვერ დაეხმარება.
რუმინეთთან მატჩის წინა ბოლო ვარჯიში ავთანდილ ასათიანის გუნდმა დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა.
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი),თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი);
წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი), კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ.თბილისი), დავით ბობოხიძე (ტატიშვილი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი, რუსეთი), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (სუნგუნ ვარზე, ირანი).
საქართველოსა და რუმინეთის დაპირისპირება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) 26 სექტემბერს, 20.30საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს და მისი შეძენა ტკტ.ჯი ზე და სასახლის სალაროებში შეგიძლიათ. მატჩის ტელერეპორტაჟს საზოგაოდებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
სფფ-ის პრესსამსახური