“გაბალას” მწვრთნელი: “ჩვენი მარცხის მთავარი მიზეზი კლუბში მიმდინარე რეორგანიზაციაა”
აზერბაიჯანული “გაბალას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზაურ ჰაშიმოვმა თბილისის “დინამოსთან” გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალსიტების შეკითხვებს უპასუხა.
“პირადად მე, აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია მასალა, სადაც ეწერა, რომ “დინამო” სუსტი გუნდია. მე პირველი მატჩის შემდეგაც ბევრჯერ აღვნიშნე, რომ “დინამო” ძლიერი გუნდია. დღესდღეობით “გაბალა” რეორგანიზაციის ეტაპზეა და გუნდი ისე არ არის მომზადებული, როგორც საჭიროა. დღეს მაინც შესაძლებელი იყო, ასეთ დონეზე მომზადებულ “გაბალას” უკეთესი თამაში ეჩვენებინა. ჩვენი მარცხის მთავარი მიზეზი რეორგანიზაციაა, გუნდში ბევრი ცვლილებაა, რამაც ზეგავლენა მოახდინა. ფაქტია, რომ ჩვენ ორივე შეხვედრაში დავმარცხდით.
როგორც ჩვენმა ექიმმა აღნიშნა, ზუნიჩმა მოტეხილობა მიიღო და სავარაუდოდ, ქირურგიული ჩარევა დასჭირდება. მას სახის ქვედა ნაწილში მოტეხილობა აქვს. შესაძლოა, ოპერაცია ახლაც მიმდინარეობს, პრესკონფერენციის შემდეგ მეტი რამ გვეცოდინება”, – განაცხადა ჰაშიმოვმა.