გადამწყვეტი ბრძოლა ალიანც არენაზე

თარიღი: აპრილი 29, 2014

“ბაიერნისა” და “რეალის” დაპირისპირება ნაადრევ ფინალად აღიარეს, რომლის მეორე და გადამწყვეტი დუელი დღეს საღამოს გაიმართება.

მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება დღევანდელი შეხვედრა პეპ გვარდიოლამ “ბაიერნის” სეზონი უკვე წარმატებულად ჩათვალა. ამ განცხადებაში, შესაძლოა, თავის დაზღვევაც იყოს მცირე დოზით, თუმცა რეალურად მწვრთნელი უბრალოდ ხელმძღვანელობის დირექტივების მიხედვით მოქმედებს. კარლ-ჰაინც რუმენიგე თვლის, რომ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგება ნამდვილი ეპიკური გმირობაა. “ბაიერნის” მიზანი კი, ევროპულ ელიტაში დარჩენა არის, რასაც ნახევარფინალში გასვლა სავსებით აკმაყოფილებს.

“რეალთან” ჩატარებული პირველი მატჩის შემდეგ გერმანიის საფეხბურთო საზოგადოებაში ფართოდ განიხილებოდა გვარდიოლას “ბაიერნის” ტაქტიკური მონახაზი. ბევრი თვლის, რომ ესპანელი მწვრთნელის ფილოსოფია მიუნხენური კლუბისთვის არ არის დამახასიათებელი. თუმცა, აქვე იმის თქმა შეიძლება, რომ ბურთის კონტროლი ჰაინკესსაც უყვარდა, მაგრამ მისი გუნდი ტაქტიკურად უფრო მრავალფეროვანი იყო.

“რეალის” ტაქტიკა კი, რომელმაც ესპანეთშიც და ევროპაშიც ბევრი გააკრვირვა, საბოლოოდ სწორად იქნა მიჩნეული. რა თქმა უნდა, ავტობუსების თემას ვერც ამ შემთხვევაში გავექცევით. გვარდიოლას სისუსტე პირველი 15 წუთის შემდეგ გამოჩნდა, როდესაც “ბაიერნის” აქტიურმა პრესინგმა შედეგი ვერ გამოიღო და “რეალმა” თავისუფალი სივრცეების აღმოჩენა დაიწყო და მისთვის დამახასიათებელი სწრაფი შეტევებით უტევბა მიუნხენელებს.

დღევანდელ შეხვედრაში “რეალს” საკმაოდ კარგი სასტარტო პოზიცია აქვს. “ბაიერნს” აუცილებლად სჭირდება გატანა და ბუნებრივია, რომ გასვლით მატჩზე ბევრად უფრო გახსნილ ფეხბურთს შესთავაზებს ანჩელოტის გუნდს, რომელსაც შეტევაში ბეილი და რონალდუ ყავს – კონტრშეტევებისთვის იდეალური მოთამაშეები.

თუმცა, თუ მიუნხენელებმა მოახერხეს და ანგარიში გახსნეს, მატჩი ძალიან დაიძაბება და ამ შემთხვევაში საშინაო არენის ფაქტორიც “ბაიერნს” დიდ უპირატესობას მისცემს.

“რეალს” თითქმის იდეალური საკადრო სიტუაცია აქვს. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ხედირა, ხესე და არბელოა ვერ მიიღებენ. რონალდუ და ბეილი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში არიან. გამოჯანმრთელდა პირველ შეხვედრაში ტრავმის გამო შეცვლილი პეპეც.

ანალოგიური სიტუაციაა მიუნხენელთა ბანაკშიც. შემადგენლობასთან დაკავშირებული მთავარი კითხვა მიულერს უკავშირდება. გვარდიოლა თომასს ხშირად მეორე ტაიმისთვის ინახავს, რაც მადრიდულ მატჩშიც გააკეთა.

მსგავსი სიახლეები