გადამწყვეტი ბრძოლის მოლოდინში – საქართველო U19 vs რუმინეთი U19
13 ოქტომბერს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებს გადამწყვეტი, დიდი მნიშვნელობის მატჩი ელის. ბოლო ტურში გიორგი დევდარიანის გუნდი რუმინეთის ნაკრებს შეხვდება, რომელსაც წინა ორივე თამაში წაგებული აქვს. კვიპროსი კი, რომელსაც ჩვენსავით 3 ქულა აქვს და მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამოგვრჩება, ჯგუფის ლიდერ მონტენეგროს ეთამაშება. მოკლედ, ძალიან დაძაბული და საინტერესო ბოლო ტური გველის. ორივე მატჩი კვლავ „მიხეილ მესხის“ სტადიონის ძირითად და სათადარიგო მოედნებზე გაიმართება და დღის 4 საათის ნაცვლად, 3 საათზე დაიწყება.
ახლა, განვლილი ორი ტურიც მიმოვიხილოთ. მიუხედავად ორ მატჩში მიღებული შვიდი ყვითელი ბარათისა, საქართველოს ნაკრების არც ერთი ფეხბურთელი რუმინეთთან თამაშს არ ტოვებს. იგივე მდგომარეობაა მონტენეგროსა და რუმინეთის ნაკრებებშიც. კვიპროსელები კი, გუნდის ძირითად მეკარეს მოისაკლისებენ, რომელმაც გაფრთხილებები ორივე თამაშში მიიღო და ბოლო ტურს გამოტოვებს.
ჯგუფის ბომბარდირთა დავაშიც არავინ დაწინაურებულა – ყველას თითო გოლი აქვს გატანილი.
აღსანიშნავია, რომ კვიპროსთან მატჩში, ოფიციალური დებიუტი ჰქონდა ნაკრების ახალწვეულს – ლადო მოხევიშვილს, რომელმაც ტურნირის დაწყებამდე აიღო ახალი ქართული პასპორტი. ესპანური „ლევანტეს“ ქართველმა ლეგიონერმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მეორე ტაიმში, საჯარიმო დარტყმით თავისი პირველი გოლიც გაიტანა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.
მოკლედ, 13 ოქტომბერს, გიორგი დევდარიანის გუნდს რუმინული ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, შანსი აქვს უპრობლემოდ გავიდეს ჯგუფიდან და ელიტრაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვოს. ამ გუნდმა, 17-წლამდე ასაკში, თითქმის ანალოგიური სცენარით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და პირველი წაგების შემდეგ, დანარჩენი ორი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. იმედია, ბიჭები ამ შედეგს კვლავ გაიმეორებენ.
აქვე, შეგახსენებთ კვიპროსთან თამაშის სტატისტიკას:
კვიპროსი vs საქართველო 1:3 (0:1) ეჩშ
10 ოქტომბერი, 2014. სტადიონი „მიხეილ მესხი“
კვიპროსი: ტასურისი, კოუსოულოსი, ველერი, კატელარისი, ფრაგესკოუ, ლილისი (ხარლამპუსი 57), ფრაგკოუ, კონსტანტინოუ (ხარლამბუსი 53), პანაგი, ხრისტოდულო (მუზუროსი 72), კაციატი
მთ.მწვრთნელი – რენოს დემეტრიადესი
საქართველო: გოშაძე, მალანია, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, შულაია, მოხევიშვილი-ჩიკვილაძე, ხარაიშვილი კიტეიშვილი (არაბიძე 73), ზარანდია (მესხი 87), კერძევაძე (ბერიძე 65), რ.ჭანტურია
მთ.მწვრთნელი – გიორგი დევდარიანი
გოლები: კიტეიშვილი (20), მოხევიშვილი-ჩიკვილაძე (68), კაციატი (72), ზარანდია (83 პენ)
გაფრთხილება: ველერი, ჩაბრაძე, მოხევიშვილი-ჩიკვილაძე, კოუსოულოსი, ტასურისი, კატელარისი, მესხი
მსაჯი – პეტრ არდელეანუ (ჩეხეთი)
სფფ-ის პრესსამსახური