გაგა ისევ უარყოფითზე გავიდა
ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანში მიმდინარე აკი ბაშოზე 11 ტური მიილია, ხოლო დაძაბულობა კი დღითი-დღე მატულობს და პიკს აღწევს.
როგორც ჩანს, ნერვიულობა ტურნირის ბოლომდე მოგვიწევს ქართველ გულშემატკივრებასც, რადგან ზედიზედ მოგებული 4 ორთაბრძოლის შემდეგ, მე-2 მარცხი იწვნია მიჯრით ჩვენმა გაგამარუმ და ისევ უარყოფით ბალანსზე გავიდა (5-6).
მართალია, ჩვენმა გოლიათმა მონღოლ მე-16 მაეგაშირა ტამავაშისთან შერკინება საკმაოდ აქტიურად და აგრესიულად დაიწყო, თუმცა ერთ-ერთი მიძალებისას მეტოქემ ჭკუა იხმარა, განზე გადგა, წონასწორობა დააკარგვინა გაგას და ოშიდაშით მარტივად გაიყვანა დოჰიოდან.
გაგამარუს მომდევნო მეტოქე კიდევ ერთი მონღოლი, მე-5 მაეგაშირას სტატუსით მოასპარეზე, ტოკიტენკუ იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც (წინამორბედის მსგავსად) ქართველ გოლიათს მკვეთრად უარყოფითი სტატისტიკა აქვს – აქამდე შემდგარი 9 დაპირისპირებიდან 7 მონღოლის სასარგებლოდ დასრულდა და მხოლოდ 2-ში იმარჯვა გაგამ. მოახლოებულ შეხვედრაში ჩვენებურის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ტოკიტენკუს მხოლოდ 1 მარცხი აშორებს მაკე-კოშამდე (უარყოფითი ბალანსი) და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს მარცხი გაგასთან არ იწვნიოს.
ძალიან დაძაბული მდგომარეობაა სატურნირო ცხრილის სათავეშიც. 11 ორთაბრძოლიდან 10 მოგებით ბაშოს ერთპიროვნულად ლიდერობს მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელსაც 9-9 მოგებით კვალში უდგანან მეორე მონღოლი იოკოძუნა, ჰარუმაფუჯი და იაპონელი ოძეკი, კისენოსატო. 8 მოგებითა და 3 მარცხით იქვეა კიდევ ერთი მონღოლი, ოძეკი კაკურიუ.
არ დაგვავიწყდეს, რომ ლიდერებს ერთმანეთთან ორთაბრძოლები ჯერ კიდევ წინა აქვთ, ამიტომ ძალიან დაძაბული და სანახაობრივი ფინიში გველის ბაშოზე.