გაგა კაჩი-კოშის შანსს ინარჩუნებს, ჰაკუჰო კი ჩემპიონობას მიუახლოვდა
ქართველი სუმოისტი გაგა ჯუღელი დადებითი ბალანსის მოპოვების შანსს კვლავ ინარჩუნებს. ამისათვის გაგამარუმ ორივე დარჩენილი ბრძოლა უნდა მოიგოს აკი ბაშოზე.
თავისი მე-6 გამარჯვება ჩვენმა გოლიათმა გუშინ იაპონელ მე-12 მაეგაშირა, ტენკაიჰოსთან იზეიმა. გაგამ საკმაოდ ჭკვიანურად წარმართა გუშინდელი ორთაბრძოლა და იაპონელი გოლიათი ჰატაკიკომით დასცა დოჰიოზე.
პასივში ჩვენებურს ისევ 7 მარცხი რჩება და როგორც გითხარით, თუკი კაჩი-კოშის გაფორმება სურს, ორივე ორთაბრძოლის მოგება მართებს.
პირველ მათგანს გაგა იაპონელ მე-15 მაეგაშირა, ტამაასუკასთან გამართავს დღეს, რომელსაც უკვე 8 მარცხი აქვს ბაშოზე და სავარაუდოდ, ჯურიოში დაქვეითებას ვერ აცდება. ჩვენი გოლიათი იაპონელს აქამდე 3-ჯერ შეხვედრია დოჰიოზე და აქედან 2-ჯერ დამარცხებული ყავს. მეორე მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ძალიან მიუახლოვდა თავის 27-ე საჩემპიონო ტიტულს მონღოლი იოოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც გუშინ თანამემამულე ოძეკი კაკურიუს სძლია და მე-12 მოგება მიითვალა ბაშოზე (13 შესაძლებლიდან). მისმა უახლოესმა მდევარმა, იაპონელმა ოძეკი კისენოსატომ კი მე-3 მარცხი იწვნია და უკვე 2 მოგებით ჩამორჩება “თეთრ ფენიქსს”. კისენოსატოს დამარცხება ამჯერად მისმა თანამემამულე სეკივაკე გოეიდომ შეძლო, რომელიც საკმაოდ კარგად გამოიყურება მიმდინარე ტურნირზე.
იაპონელი ოძეკი ჰაკუჰოსთან ჩამპიონობაში შეცილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი იგი დარჩენილ ორივე ბრძოლას მოიგებს, ხოლო მონღოლი იოკოძუნა ორივეში დამარცხდება. ასეთ შემთხვევაში კისეს და ჰაკუჰოს თანაბარი 12-12 მოგება მოუგროვდებათ და აკი ბაშოს ჩემპიონის ვინაობას მათ შორის დანიშნული დამატებითი ორთაბრძოლა, იგივე კეტტეი-სენი გადაწყვეტს. თუმცა, ჯერ მანამდე კისემ განრიგით დანიშნულ მე-14 ტურის შერკინებაში უნდა დაამარცხოს “თეთრი ფენიქსი”, ხოლო დანარჩენ შესაძლებლობებზე მერე ვისაუბროთ.
მოკლედ, საკმაოდ საინტერესო ფინიში გველის ამ შაბათ-კვირას, ბაშოზე.