გაგამ ნავსის გატეხა ვერ შეძლო
სამწუხაროდ, კვლავ გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა იაპონელი ტაკარაფუჯი ჩვენი გაგასთვის. ქართველმა გოლიათმა, მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა არ დააკლო, მაინც მარცხი იწვნია მე-8 მაეგაშირად განთესილ იაპონელთან.
ორთაბრძოლა, რომელიც 9 წამი გრძელდებოდა, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა – ინიციატივას ხან გაგამარუ ფლობდა, ხანაც ტაკარაფუჯი. საბოლოოდ, გაგამ იაპონელის წამოწყებულ შიტატენაგეს ვერაფერი დაუპირისპირა და დოჰიოს ხელებით შეეხო, რაც მას რიგით მე-6 წაგებად დაუჯდა მიმდინარე ბაშოზე. აქტივში კი ისევ 5 მოგება დარჩა.
ჩვენი გოლიათის მომდევნო მეტოქე იაპონელი მე-12 მაეგაშირა, ფუჯიაძუმა იქნება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრების შესაშური ბალანსი აქვს გაგას – 5:0. რაც შეეხება იაპონელის პირად მონაგარს კიუშუ ბაშოზე, იგი 7 მოგებასა და 4 მარცხს ითვლის.
სატურნირო ცხრილის სათავეში აბსოლუტურად უცვლელი მდგომარეობაა, რადგან ლიდერთა შორის მყოფმა ხუთივე სუმოისტმა გამარჯვება იზეიმა დღეს. ამრიგად, 11-11 მოგებით კვლავაც დაუმარცხებლად აგრძლებენ სვლას მონღოლი იოკოძუნები, ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი. პელეტონის მეორე პოზიციაზე 9-9 მოგებით ისევ სამი სუმოისტი იმყოფება: იაპონელი ოძეკი კისენოსატო, მონღოლი ოძეკი კაკურიუ და იაპონელი მე-6 მაეგაშირა ჩიოტაირიუ.
როგოც ჩანს, ძალიან საინტერესო და დაძაბული ფინიში გველის ბაშოზე.