გაგამარუ დადებით ბალანსზე გავიდა
იაპონიაში მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე ქართველმა გოლიათმა, გაგა ჯუღელმა მიჯრით მეოთხე (ჯამში კი მეხუთე) გამარჯვება იზეიმა და დადებით ბალანსზე გავიდა. აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირად განთესილმა გაგამარუმ ძალიან კარგი და თან არცთუ იოლი ორთაბრძოლა მოუგო თავის მეგობარ, რუს (წარმოშობით ვლადიკავკაზელ) არანს (იორიკირით), რომელიც მე-7 მაეგაშირას სტატუსით ირჯება.
ორთაბრძოლის სტარტზე გაგას საკმაოდ რთული შეტევის მოგერიება მოუხდა ალან გაბარაევისგან, რის შემდეგაც ჩვენებურმა კარგად დაიჭირა მეტოქე მკლავებით და ეტაპობრივი შეტევა განახორციელა მასზე. როდესაც ჯუღელმა დოჰიოს კიდესთან მიიყვანა არანი, ზედ ტავარაზე (დოჰიოს ხაზი) შემდგარმა რუსმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და ბოლომდე სცადა წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა ჩვენი გოლიათის შეუპოვარმა მიძალებამ სასურველი შედეგი გამოიღო და მეტოქეც ტავარას მიღმა აღმოჩნდა.
ამ გამარჯვებით გაგამ მიმდინარე ბაშოზე პირველად მოახერხა დადებით ბალანსზე გასვლა (5-4) და იმედია, ბოლომდე შეინარჩუნებს მას.
ჩვენებურის მომდევნო მეტოქე იაპონელი გოლიათი, მე-12 მაეგაშირა სადანოფუჯი იქნება, რომელსაც ბაშოზე ზუსტად გაგასნაირი ბალანსი აქვს (5-4). ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობას იაპონელი ფლობს – 4:2.
სატურნირო მდგომარეობაში კი დაუმარცხებლად მოასპარეზე მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა და ახლა უკვე მთელი 2 მოგებით უსწრებს უახლოეს მდევრებს: თანამემამულე იოკოძუნა ჰარუმაფუჯის, იაპონელ ოძეკი კისენოსატოს (რომელიც გუშინ მე-3 მაეგაშირა ჩიოტაირიუსთან დამარცხდა), კიდევ ერთ მონღოლ, მე-6 მაეგაშირა კიოკუტენჰოსა და იაპონელ მე-13 მაეგაშირა ჰომაშოს.