გაგამარუს გამარჯვება ხელიდან გამოსტაცეს
ორი შერკინება გახდა გუშინ საჭირო, ჩვენ გაგამარუსა და მონღოლ ტამავაშის შორის, გამარჯვებულის გამოსავლენად. პირველ შემთხვევაში, როდესაც გაგამ მონღოლი მე-11 მაეგაშირა გულდაღმა დასცა დოჰიოზე, მთავარმა მსაჯმა გამარჯვება ჩვენებურს მიაკუთვნა. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ილეთის შესრულების დროს, ქართველ გოლიათს დოჰიოს ხაზს მიღმა დაედგა ფეხი და გვერდითმა მსაჯებმა მონოი (კონსილიუმი) მოითხოვეს, რომლის შედეგადაც განმეორებითი შერკინების გამართვა გადაწყვიტეს.
რემატჩის დროს გაგამარუ უკვე დაღლილი ჩანდა, რითაც კარგად ისარგებლა ტამავაშიმ, კორპუსში ჭკვიანურად შევიდა ჩვენებურთან და იორკირით გაიყვანა დოჰიოდან.
ამ დამარცხებით გაგა ჯუღელის ბალანსი კიდევ ერთხელ განულდა კიუშუ ბაშოზე (5-5). მისი მომდევნო მეტოქე იაპონელი მე-8 მაეგაშირა, ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც ასევე 5-5 მოგება-წაგება აქვს ფუკუოკაში. აქამდე ჩატარებულ 2 შერკინებაში კი ორივეჯერ გამარჯვება იაპონელს დარჩა. თუმცა, სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ტაკარაფუჯი ნამდვილად არ განეკუთვნება გაგასთვის დაუმარცხებელ და უხერხულ მეტოქეთა რიცხვს. ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ შეძლებს დღეს ჩვენი გოლიათი იაპონელის ძლევას.
ნოემბრის ბაშოს დასრულებამდე 5 ტურით ადრე კვლავ წაუგებლად, 10-10 მოგებით ლიდერობენ ტურნირს მონღოლი იოკოძუნები, ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი. ასეთ შემთხვევას კი საერთოდ არ ქონია ადგილი მას შემდეგ, რაც ეს ორი სუმოისტი ერთდროულად ატარებს იოკოძუნას ტიტულს (ანუ 2012 წლის ნოემბრიდან).
ლიდერებს 8-8 მოგებით კვალში 3 სეკიტორი უდგას: იაპონელი ოძეკი კისენოსატო, მონღოლი ოძეკი კაკურიუ და იაპონელი მე-6 მაეგაშირა ჩიოტაირიუ.
ყველაფერი კი იქეთ მიდის, რომ იმპერატორის თასი ისევ მონღოლ იოკოძუნებს შორის გათამაშდება. საინტერესოა, შეძლებს კი ჰარუმაფუჯი ჰაკუჰოს ჰეგემონიის დამხობას?