გაგამარუს მეორე მარცხი და ბალიშების პირველი წვიმა ბაშოზე
ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოს მეორე დღეს ბალიშების პირველი “წვიმა” იხილა გულშემატკივარმა. როგორც იცით, ეს არის მოვლენა, როდესაც იოკოძუნა მარცხდება დოჰიოზე, ხოლო დარბაზში მყოფი პუბლიკა დამარცხებულ იოკოძუნას ბალიშების სროლით წასვლისკენ “მოუწოდებს”.
დღევანდელი დღე, გუშინდელის მსგავსად საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობდა – თავისი ორთაბრძოლა მოიგო ოთხივე ოძეკიმ და იოკოძუნა ჰაკუჰომ. და თითქოს არც მეორე იოკოძუნას, ჰარუმაფუჯის უნდა გაჭირვებოდა, დღის დასკვნით შერკინებაში, პირველი მაეგაშირა შოჰოძანის ძლევა… მაგრამ, მოხდა სენსაცია – იაპონელმა სეკიტორმა მონღოლ იოკოძუნას სასტარტო ჯახისთანავე ძალიან აგრესიულად შეუტია და უშეღავათო ბრძოლის შედეგად, ოშიდაშით დაატოვებინა დოჰიო.
სხვათა შორის, მიმდინარე წლის იანვრის ბაშოს შემდეგ “მზიური ცხენი” (ასე ითარგმნება ქართულად ჰარუმაფუჯი) საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება. ბოლო 3 ბაშოზე მან საერთო ჯამში 15 ორთაბრძოლა წააგო, რაც საერთო გამართულ შერკინებათა ერთ მესამედს შეადგენს. ბუნებრივია, “უძლეველ ჩემპიონს” ამდენ წაგებას არავინ პატიობს და შესაბამისად, ჰარუმაფუჯიც ძალიან დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება, როგორც გულშემატკივრების, ასევე სუმოს მამების მხრიდან. არაა გამორიცხული, რომ თუკი “მზიური ცხენი” მიმდინარე ბაშოზეც დიდი რაოდენობის ორთაბრძოლებს დათმობს, იოკოძუნათა არჩევის კომიტეტმა მას აქტიური სპორტიდან წასვლის შესახებ “რეკომენდაციით” მიმართოს. ეს რეკომენდაცია კი პრაქტიკულად მოთხოვნის ტოლფასია და მისი მიღების შემდეგ, იოკოძუნა ვალდებულია დიდი სუმოდან წავიდეს.
ძალიან დასანანი მარცხი იწვნია დღეს ჩვენმა გაგამარუმ, იაპონელ მე-8 მაეგაშირა იოშიკაძესთან. აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირად განთესილი ქართველი გოლიათი “ეშმაკური” ფანდებით ცნობილ ტანმორჩილ მეტოქეს საკმაოდ ჭკვიანურად უტევდა. თუმცა, ერთ-ერთი მიძალებისას, გაგა ჯუღელს იაპონელის მკერდზე ხელი აუსრიალდა და ინერციით დოჰიოზე დაეცა. ჩვენებურის ვარდნას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მიძალების მომენტში “ცბიერი” იოშიკაძე ოდნავ განზე გადგა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვენს გოლიათს წონასწორობა დაეკარგა და დოჰიოს ხელით შეხებოდა.
საწყისი ორი მარცხის შემდეგ, გაგა მდგომარეობის გამოსწორებას ხვალ კიდევ ერთ იაპონელ მე-8 მაეგაშირა, ფუჯიაძუმასთან შეეცდება. ამ უკანასკნელს ბაშოზე თითო მოგება-წაგება აქვს ბალანსში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ქართველი გოლიათი მისთვის უხერხულ მეტოქეთა რიცხვს განეკუთვნება. საქმე იმაშია, რომ ჯუღელი იაპონელს აქამდე 4-ჯერ შეხვდა დოჰიოზე და ოთხივეჯერ მარცხი აგემა. იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალაც შეძლებს ჩვენი გაგა ფუჯიაძუმას “გამწარებას”.