გაგამარუს პირველი მეტოქეები
იაპონური სუმოს ასოციაციამ დღეს (ტრადიციულად, ბაშოს დაწყებამდე 2 დღით ადრე) სასტარტო ორთაბრძოლათა განრიგი გამოაქვეყნა.
მაშ ასე, ჰარუ ბაშოზე ჩვენი გაგამარუს პირველი მეტოქე მისი ყოფილი თანაგუნდელი, აიპონელი კიტატაიკი იქნება, რომელიც ჩვენებურის დარად, მე-9 მაეგაშირად გახლავთ განთესილი. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ გაგა ჯუღელს დასავლეთის მხარე უკავია, კიტატაიკის კი – აღმოსავლეთის. ოფიციალურ შეხვედრებში გაგა 5-ჯერ შეხვედრია ყოფილ მეგობარს (რომელთან ერთადაც დაახლოებით 3 წლის მანძილზე იცავდა კიტანოუმის სკოლის ღირსებას) და აქედან 3-ჯერ ყავს დამარცხებული.
ცნობილია ასევე გაგამარუს მე-2 მეტოქის ვინაობაც. ეს იქნება 39 წლის ვეტერანი მონღოლი (უხუცესი მოქმედ სუმოტორთაგან) კიოკუტენჰო, რომელიც ამჟამად დასავლეთის მე-8 მაეგაშირას სტატუსს ატარებს. ქართველი გოლიათი აქამდე 9-ჯერ შერკინებია მონღოლს დოჰიოზე და მხოლოდ 3-ჯერ მოახერხა მისი ძლევა.
რაც შეეხება, ჩვენს მეორე სუმოისტს, ტოჩინოშინს, ჯერ-ჯერობით მისი მეტოქის ვინაობა უცნობია, რადგან დაბალი დივიზიონების განრიგი უშუალოდ ბრძოლის წინა დღეს ქვეყნდება. როგორც მოგეხსენებათ, მოახლოებულ ბაშოზე ლევან გორგაძე მაკუშიტას (რანგით მე-3) დივიზიონში დასავლეთის 55-ე ნომრად იქნება განთესილი. სულ კი აღნიშნულ დივიზიონში 120 რიკიში ირიცხება (60 აღმოსავლეთის, 60 დასავლეთის).
წარმატებული სტარტი და წარმატებული გამოსვლა ვუსურვოთ ბაშოზე ქართველ სუმოისტებს!
ამირან ურუშაძე