გაგას ჩაგდებული ბაშო და ჰაკუჰოს მორიგი ტრიუმფი
მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოს 27-ე ტრიუმფით დასრულდა ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანში აკი ბაშოდ წოდებული წლის რიგით მე-5 სუპერტურნირი სუმოში. “თეთრმა ფენიქსმა” ჯერ კიდევ ბოლოსწინა (მე-14) ტურში გაიფორმა ოფიციალურად ჩემპიონობა, თუმცა ბაშოს ბოლო დღეს მაინც მოტივირებული გამოვიდა დოჰიოზე, თანამემამულე იოკოძუნა ჰარუმაფუჯის წინააღმდეგ და 14 მოგებით დაასრულა სექტემბრის ტურნირი.
ჰაკუჰო “მზიურ ცხენს” თავიდანვე მთელი ძალით ეკვეთა, კარგად დაიჭირა კორპუსით და კოტენაგეს მოხდენილი გდებით დოჰიოზე დასცა. შედეგად, ჰარუმაფუჯიმ მე-5 მარცხი მიითვალა ბაშოზე, ბოლო 4 ტურნირზე კი საერთო ჯამში 20 წაგება მოუგროვდა, რაც იოკოძუნას ტიტულის მფლობელისათვის ზედმეტად ბევრია. არაა გამორიცხული, რომ 29 წლის მონღოლმა ძალიან მალე მიიღოს სუმოს მამებისაგან დიდი სუმოდან წასვლის “რეკომენდაცია”, რომელიც ფაქტიურად სავალდებულო მოთხოვნის ტოლფასია და სუმოისტი ვალდებულია უსიტყვოდ დაემორჩილოს მას.
რაც შეეხება “თეთრ ფენიქსს”, მან წლეულს მიჯრით მე-4 ბაშო მოიგო, საერთო ჩემპიონობათა რიცხვი 27-მდე გაზარდა და ნელ-ნელა უახლოვდება ლეგენდარული იოკოძუნა ტაიჰოს აბსოლუტურ რეკორდს, რომელიც 32 საჩემპიონო ტიტულს ითვლის.
დაჯილოდვების ცერემონიალზე ჰაკუჰომ პირველ რიგში იაპონელებს 2020 წლის ოლიმპიადაზე განაცხადებში ტოკიოს გამარჯვება მიულოცა და გამოტყდა, რომ ოცნებობს თავისი კარიერის სწორედ ამ დრომდე გაგრძელებაზე. მან ისიც აღნიშნა, რომ 45 წლის წინ მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებზე მისმა მამამ ვერცხლის მედალი აიღო.
სამწუხაროდ, მარცხით დაასრულა აკი ბაშოზე გამოსვლა ქართველმა გოლიათმა, გაგა ჯუღელმა. გაგამარუმ თავისი ბოლო შერკინება მისთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქე, იაპონელ ჰომაშოსთან (დ-მ13) დათმო იორიკირით და საბოლოოდ 9 წაგება მიითვალა ბაშოზე (6 მოგების საპირისპიროდ), რაც მე-9 მაეგაშირას სტატუსის სეკიტორისთვის საკმაოდ ცუდი შედეგია.
აღნიშნული რეზულტატი დაახლოებით 2-დან 4 საფეხურამდე დააქვეითებს გაგას მომდევნო ბაშოსთვის რეიტინგში, რომელიც ოფიციალურად 28 ოქტომბერს გამოქვეყნდება.
რაც შეეხება ჩვენს მეორე სეკიტორს, ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს, მან როგორც იცით, ივლისის ბაშოზე მიღებული ტრავმის გამო სექტემბრის ტურნირი, რომელზეც ჯურიოს დივიზიონის პირველ ნომრად იყო განთესილი, სრულად გამოტოვა. მოგეხსენებათ, გამოტოვებული ორთაბრძოლები სუმოში წაგების ტოლფასად ითვლება და შესაბამისად, ლევანს მკვეთრად დააქვეითებენ მომდევნო ბაშოსთვისაც. თუმცა, შესაძლებელია, რომ დივიზიონი მაინც არ დაატოვებინონ და ჯურიოს მე-14 ნომრის სტატუსი მიანიჭონ.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ტოჩინოშინმა უკვე გაიკეთა ოპერაცია ტრავმირებულ მუხლზე და აღდგენითი პროცესი საკმაოდ ნორმალურად მიდის. სხვათა შორის, ლევანმა იძულებითი პაუზით ისარგებლა და მუხლთან ერთად ოპერაცია ნატკენ იდაყვზეც გაიკეთა, რომელიც ქრონიკულად აწუხებდა ბოლო წლებში. მისი სრულად გამოჯანმრთელების ზუსტი ვადა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა თუ ყველაფერი კარგად იქნა, სავარაუდოდ იანვრის ბაშოსთვის უნდა შეძლოს დოჰიოზე დაბრუნება.
სექტემბრის ბაშოს ვიცე-ჩემპიონები 11-11 მოგებით იაპონელი ოძეკი კისენოსატო და იაპონელი სეკივაკე გოიდო გახდნენ. ამ უკანასკნელმა ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირი ჩაატარა კარიერაში და ვიცე-ჩემპიონობასთან ერთად, ბრწყინვალე ასპარეზობისთვის დაწესებული სპეციალური პრიზი, შუკუნ-შოც დაიმსახურა.
აქვე გეტყვით, რომ მებრძოლი სულის გამოვლენისათვის დაწესებული პრიზი, კანტო-შო იაპონელმა პირველმა მაეგაშირა, შოჰოძანმა მიიღო, რომელმაც ტურნირზე 1 იოკოძუნა, 2 ოძეკი და თითო სეკივაკე-კომუსუბი დაამარცხა.
შოჰოძანი მომდევნო ბაშოზე კომუსუბის ტიტულით მოგვევლინება.
რაც შეეხება მესამე სპეციალურ პრიზს, გინო-შოს, რომელიც ტექნიკური ორთაბრძოლების ჩვენებისათვის გადაეცემათ სუმოისტებს, იგი ამჯერად გაუცემელი დარჩა.
წლის დასკვნითი სუპერტურნირი, რომელიც კიუშუ ბაშოს სახელითაა ცნობილი, ქალაქ ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში 10-დან 24 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.