“გაგრამ” “იმერეთი” დიდი ანგარიშით დაამარცხა (ფოტომასალა)
18 ოქტომბერს, “მერანის” სტადიონზე, “გაგრამ” ხონის “იმერეთი” მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
თამაში ჯელაძის შეგირდების უპირატესობით წარიმართა. გაგრელებმა პირველი გოლის გატანა მე-8 წუთზევე მოახერხეს, თავი თამაზ ჟიშკარიანმა გამოიჩინა. 25-ე წუთზე, მასპინძელთა უპირატესობა ორამდე ნიკა ჭკუასელმა გაზარდა. ზუსტად ხუთ წუთში, “იმერეთის” ფეხბურთელმა, ტყეშელაშვილმა მეტოქის კარი დალაშქრა და სხვაობა ერთამდე შეამცირა.
პირველი ტაიმის მსგავსად, “გაგრამ” “იმერეთი” მეორე ტაიმშიც დაჯაბნა. 75-ე წუთზე, რატი ცაცკრიალაშვილმა საჯარიმო დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა – 3:1. საბოლოო შედეგი 89-ე წუთზე დაფიქსირდა, ნიკა ჭკუასელმა ოსტატური პასით, ზაურ ქარდავა მეკარესთან პირისპირ დატოვა, ამ უკანასკნელს კი, გოლის გატანა აღარ გასჭირვებია – 4:1.
გთავაზობთ ფოტომასალას (Fanebi.Ge):
დიტო ჭიჭინაძე