„გაგრამ“ ხუჭუას დასჯა სამართლიანად მოითხოვა
30 სექტემბერს, საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ გასვლით შეხვედრას ატარებდა ხარაგაულში, „ჩხერიმელას“ წინააღმდეგ. ამ შეხვედრის მთავარი არბიტრი თემურ ხუჭუა გახლდათ, რომელმაც შეხვედრის 30-ე წუთზე მასპინძელთა კარში არ დანიშნა ასპროცენტიანი პენალტი. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, „გაგრამ“ საჩივარი შეიტანა ფეხბურთის ფედერაციაში აღნიშნულთან დაკავშირებით.
მიხეილ აფხაზავა, „გაგრას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი:
– „გაგრას“ მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა და მთელი გუნდი მაქსიმალურად არის მობილიზებული, რომ ყველა შეხვედრაში სამი ქულისთვის ვიბრძოლოთ. ამგვარად იყო ხარაგაულშიც. სამი ქულის მოსაპოვებლად ჩავედით, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. 30-ე წუთზე აბაიომი ოვონიკოკო მეკარის საჯარიმოში წააქცია ჩუკურინიმ, მსაჯი ხუჭუა იქვე იმყოფებოდა, მაგრამ მისი სასტვენი საეჭვოდ დუმდა. ეს იყო აშკარა პენალტი. მეორე ტაიმის მიწურულს ჟიშკარიანის გადაცემის შემდეგ ოვონიკოკომ გოლი გაიტანა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა სამართლიანად არ ჩათვალა. პასის მომენტში ოვონიკოკო თამაშგარე მდგომარეობაში იყო. ადგილი ჰქონდა წინ პასს და სწორად მოიქცნენ. ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ მსაჯის გადაწყვეტილება, თუნდაც ის ჩვენთვის არ იყოს სასურველი, მაგრამ ამავე დროს სამართლიანი, მოვიწონოთ, მაგრამ როდესაც აშკარად გვჩაგრავენ, ამას ნამდვილად ვერ მოვითმენთ. ჩვენს ვებ გვერდზე ამ მატჩის პირდაპირი ტელეტრანსლაცია მიდიოდა. გარდა ამისა, განთავსებულია მატჩის ჩანაწერიც და მიმოხილვაც. ყველას შეუძლია ნახოს, თუ როგორ „ივაჟკაცა“ ხუჭუამ. გასულ სეზონში ხუჭუამ ვანის „სულორთან“ გამართული შეხვედრაც იმსაჯა და მაშინაც არაერთი შეცდომა დაუშვა ნებსით თუ უნებლიედ, მაგრამ მაშინ რეაგირება არ მოვახდინეთ, ახლა კი…
თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს და ნამდვილად არ გვსურს მსაჯების სისტემატურ შეცდომებს გადავაყოლოთ დამსახურებული ქულები. ამიტომაც, 2 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციაში საჩივრის წერილი მივიტანეთ და ზუსტად ერთ დღეში საპასუხო წერილიც მივიღეთ, სადაც აღნიშნულია, რომ ხუჭუა სამაგალითოდ იქნება დასჯილი. დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებას დროული რეაგირებისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ ხუჭუას მხრიდან დაშვებული იქნებოდა უნებლიე შეცდომა, მას ადამიანური თვალსაზრისით ნამდვილად გავუგებდით და არ გავაპროტესტებდით, მაგრამ როდესაც მსაჯი ეპიზოდთან 4-5 მეტრში იმყოფება, ნათლად ხედავს მოვლენების განვითარებას და ფიქრობს, რომ სწორად მოიქცა და ამას მატჩის შემდეგაც აღნიშნავს, მსგავს საქციელს გამართლება არ აქვს.
FCGagra.GE