გაიოზ დარსაძე – საქართველოს ნაკრების ყველაზე უცნობი მთავარი მწვრთნელი!
საქართველოს ნაკრებში ძალიან ბევრ მწვრთნელს უმუშავია, ბევრი მაღალი კლასის მწვრთნელი ყოფილა, რომლებსაც არაფერი გამოსვლიათ, იყვნენ ქართველებიც, ლეგენდარული ფეხბურთელებიც და ა.შ. მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული ცალსახად გაიოზ დარსაძეა, საფეხბურთო ექსპერტი, რომელიც ნაკრებს 2005 წლის აგვისტოდან 2005 წლის ნოემბრამდე წვრთნიდა.
გაიოზმა პოსტზე ალან ჟირესი შეცვალა, იმ პერიოდში ერთბაშად 7 მატჩში უხელმძღვანელა საქართველოს ნაკრებს და ნაკრებმა 2 მოიგო, 2 ფრე ითამაშა და 3 წააგო.
მოიგო პირველივე მატჩი ყაზახეთთან 1-2 და ბოლო მატჩი იორდანიასთან 3-2. 6-2 გავნადგურით ბულგარეთთან და 6-1 დანიასთან, 1-0 საბერძნეთთან. ფრე ყაზახეთთან 0-0 და უკრაინასთან 1-1 გავაგორეთ.
დარსაძე პოსტზე კლაუს ტოპმიოლერმა შეცვალა, რომელმაც 24-დან 13 მატჩი წააგო, 4 ფრედ ითამაშა, 7 კი მოიგო. მანამდე ჟირესს 10-დან 5 თამაშში მარცხი, 3 ფრე და 2 მოგება ჰქონდა. ორივე უცხოელ, მაღალანაზღაურებად მწვრთნელზე უკეთესი სტატისტიკა ბატონმა გაიოზმა დადო.
დარსაძე 1996 წლიდან ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა და 2018 წლამდე მწვრთნელთა განათლების კურსებს კურირებდა. შემდეგ ფედერაციიდან გაუშვეს და ერთი პერიოდი მისი კანდიდატურა ინდოეთის ნაკრების ტექნიკურ დირექტორად განიხილებოდა.
ახლა კი FiFa-ს გლობალური ფეხბურთის განვითარების ტექნიკური ექსპერტია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით. მისი უშუალო ხელმძღვანელი ლეგენდარული არსენ ვენგერია.
გაიოზ დარსაძე უდავოდ ძალიან საინტერესო და ნაკლებად ცნობილი პიროვნებაა ქართულ ფეხბურთში.
გახსოვდათ ბატონი გაიოზი?