გაიცანით “დინამოს” მეტოქე – პაოკი
უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფში ჩვენი გუნდი ბერძნულ პაოკს დაუპირისპირდება. მატჩები 18 და 25 აგვისტოს, შესაბამისად თბილისსა და თესალონიკში გაიმართება.
ბერძნული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და ტრადიციული წარმომადგენელი – პაოკი (Panthessalonikios Athlitikos Omilos Konstantinoupoliton)1926 წელს თურქეთ-საბერძნეთის ომის შედეგად, კონსტანტინეპოლიდან ჩამოსული ბერძნების მიერ დაარსდა. პირველი ლოგო სამყურასა და ნალის გამოსახულებით, სამი წლის შემდეგ გუნდის უცვლელი – ორთავიანი ბიზანტიური არწივით შეიცვალა. საკლუბო შავი და თეთრი ფერები კი – თითქმის საუკუნის წინ გამართული ომის მწუხარებას და მომავლის იმედა აღნიშნავს. პაოკი საშინაო შეხვედრებს ტუმბას სტადიონზე მართავს, რომელიც 29 000 გულშემატკივარს იტევს.
პაოკმა საბერძნეთის სუპერლიგაში ორჯერ იმარჯვა. ოქროს სეზონი ჩვენს მომავალ ოპონენტს 1975/1976 და 1984/1985 წლების სეზონში ჰქონდა. საბერძნეთის თასი კი პაოკმა ოთხჯერ აღმართა. 1971/1972, 1973/1974, 2000/2001 და 2002/2003 სეზონებში. პაოკს ოლიმპიაკოსისა და პანათინაიკოსის დარად არასდროს დაუტოვებია საბერძნეთის უმაღლესი ლიგა. ევრო არენაზე ჩვენი მეტოქის საუკეთესო შედეგი 1974 წელს მილანთან ნათამაშები თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალია. 504 ჩატარებული მატჩით გუნდის რეკორდსმენია- გიორგოს კუდასი, ხოლო ყველაზე მეტი გოლი შავ-თეთრი ფორმით- სტავროს სარაფისმა გაიტანა. მის ანგარიშზე 170 ზუსტი დარტყმაა. ჩამოთვლილი რეკორდსმენების გარდა პაოკის ღირსება სხვა და სხვა დროს ბერძნული ფეხბურთის ვარსკვლავები- კონსტანტინოს იოსიფიდისი, ხრისტოს ტერზანიდისი, იოანის გუნარისი, იოანის დამანაკისი და თეოდოროს ზაგორაკისი იცავდნენ.
დასრულებულ საბერძნეთის სუპერლიგაში პაოკმა მე- 4 ადგილი დაიკავა. ორთავიანმა არწივმა 30 ჩატარებულ შეხვედრაში 13 მატჩი მოიგო, 9 ფრედ ითამაშა და 8- ჯერ დამარცხდა. 32 მიღებული ბურთის წილ კი 45 გოლი გაიტანა. წლევანდელ უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში პაოკი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და დაძაბულ ბრძოლაში ამსტერდამის აიაქსთან (1:1, 1:2) დამარცხდა, რის შემდეგაც დინამო თბილისის დარად ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადმოერთო.
პაოკის პრეზიდენტი წარსულში ცნობილი სლოვაკი მსაჯი- ლიუბოშ მიხელია, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს ამა წლის მარტიდან, ამავე გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, 39 წლის სერბი – ვლადიმირ ივიჩი იკავებს.
თბილისის “დინამოს” პრეს-სამსახური