„გალათასარაი“ პრანდელის უშვებს
„ანდერლეხტთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე მატჩში მარცხის შემდეგ „გალათასარაის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი დაითხოვა.
თუმცა ჯერჯერობით ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. როგორც „Gazzetta dello Sport“-ი ვარაუდობს, თურქული კლუბი იტალიელი სპეციალისტის დათხოვებას დღეს საღამოს დაადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ პრანდელი „გალას“ სათავეში მიმდინარე წლის შვიდ ივლისს ჩაუდგა. თურქეთის ჩემპიონატის ათი ტურის შემდეგ გუნდი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპის ბოლო ტურის წინ კი თურქულ კლუბს მხოლოდ ერთი ქულა აქვს.