გალიანი: „ბალოტელიმ თავის შეკავება უნდა ისწავლოს“
„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ მისი გუნდის თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ მოედანზე თავისი ემოციები უნდა აკონტროლოს.
შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, „ნაპოლისთან“ წაგებული შეხვედრის შემდეგ, მარიომ მსაჯთან კამათის შედეგად მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რასაც სამმატჩიანი დისკვალიფკაციო მოჰყვა.
„ჩვენ ბალოტელისთან ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია. მარიო ასე არ უნდა იქცეოდეს, მან კონცენტრაცია მხოლოდ თამაშზე უნდა მოახდინოს. დროა, ბალოტელიმ თავის შეკავება ისწავლოს. თუმცა ხშირად მარიო უკმაყოფილო მას შემდეგ არის, რაც მსაჯები არც ისე სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ“, – განაცხადა გალიანიმ.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონის შვიდ ოფიციალურ შეხვედრაში „როსონერის“ მაისურით სუპერმარიომ მეტოქეთა კარი ოთხჯერ აიღო.