გამართავს საქართველო კოსოვოს ნაკრებთან მატჩს ნეიტრალურ მოედანზე?
7 დეკემბერს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული გუნდის ჯგუფში ესპანეთის, შვედეთისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა კოსოვო, რომლის დამოუკიდებლობასაც ოფიციალური თბილისი არ აღიარებს.
უეფას განკარგულება ყველა ქვეყნის საფეხბურთო გუნდს ავალებს, ეთამაშონ კოსოვოს ეროვნულ ნაკრებსა და კლუბს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სანქციას გასცემს. ამასთან, უეფა საშინაო მატჩების ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარების უფლებას უტოვებს იმ ქვეყნებს, რომლებიც კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებენ, თუმცა ისინი ვალდებულნი არიან, კოსოვოში გასვლითი მატჩი ჩაატარონ. აქედან გამომდინარე, საქართველომ შესაძლოა, მომავალი წლის 2 სექტემბერს კოსოვოს ნაკრების საკუთარ კედლებში მიღებაზე უარი თქვას და შეხვედრის ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარების უფლება მოითხოვოს. მაგალითისთვის, უკრაინამ, რომელიც აგრეთვე არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კოსოვოელებთან საშინაო მატჩი პოლონეთში ჩაატარა. მეტიც, გასულ წელს ესპანეთი 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდზე იმ ჯგუფის მასპინძელი იყო, რომლის ერთ-ერთი მონაწილე კოსოვო გახლდათ. ესპანელებმა კოსოვოელთა დროშისა და ჰიმნის დემონსტრირებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და უეფა იძულებული გახდა, ჯგუფის ყველა მატჩი შვეიცარიაში გაემართა.
ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაცია ამჯერადაც უარს იტყვის კოსოვოს ნაკრების სიმბოლიკის წარმოდგენაზე და შესაძლოა, ამ გუნდებს შორის გასამართი მატჩები ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარდეს. აღნიშნულს გამოეხმაურა კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ეროლ სალიჰუ, რომელმაც განაცხადა, რომ ნაკრები საშინაო შეხვედრებს პრიშტინაში გამართავს.
“როდესაც მასპინძელი ესპანეთი იქნება, მათ უფლება აქვთ, მატჩის ნეიტრალურ მოედანზე გამართვა მოითხოვონ. ჩვენ მათთან თამაში პრიშტინაში გვსურს. ჯგუფში კიდევ ორი გუნდია, რომლებიც ჩვენს დამოუკიდებლობას არ სცნობს (საქართველო და საბერძნეთი), თუმცა ერთა ლიგაზე უკვე ვნახეთ, რომ ბერძნებს ჩვენთან სტუმრობის თაობაზე პრობლემა არ ჰქონიათ”, – ციტირებს სალიჰუს სიტყვებს explica.co.
აღსანიშნავია, რომ ბერძნები არამხოლოდ ესტუმრნენ კოსოვოს, არამედ მიმდინარე წლის ოქტომბერში კოსოვოელებთან საშინაო მატჩი ათენში ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაატარეს.
ასე რომ, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებენ, ამ ნაკრებთან საშინაო მატჩის ჩატარების ორივე პრაქტიკა არსებობს: კოსოვოელთა მიღება საკუთარ კედლებში ან მატჩის ჩატარება ნეიტრალურ ტერიტორიაზე. მოითხოვს თუ არა საქართველო კოსოვოს ნაკრებთან საშინაო შეხვედრის სხვა ქვეყანაში ჩატარებას, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ კოსოვო ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოდ 2008 წლიდან ითვლება. კოსოვო უეფასა და ფიფას წევრი 2016 წლიდან არის.