გამარჯვება პორტუგალიასთან და ევროპის ჩემპიონატის საგზური!
თბილისის სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უკანასკნელი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას უმასპინძლა და მეტოქის დამარცხება შესძლო.
შეხვედრა ვიქტორ სანიკიძის ზუსტი სამქულიანით გაიხსნა. მასპინძელთა მე-13 ნომერმა მალე ორქულიანიც მოათავსა. სანიკიძეს დებიუტში მხარი ბურჯანაძე-ფაჩულიამაც აუბეს და საქართველო 8-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა. სტუმრებმა სხვაობის შემცირება პერეირას და ფერნანდესის ზუსტი თამაშით მოახერხეს, თუმცა მეტრეველის ბოლო წამებზე ჩაგდებულმა ბურთმა საქართველოს ნარკები მცირე შესვენებაზე 7-ქულიანი ჰანდიკაპით გაიყვანა.
იმავე მეტრეველის ზუსტი ორიანით დაიწყო მეორე მეოთხედი, რასაც სანაძის კიდევ ერთი სამქულიანი მოჰყვა და სხვაობა 12 ქულამდე გაიზარდა. თუმცა, სტუმრება ჩამორჩენის შემცირება მოახერხეს. უჩვეულოდ ინტერტული იყო ზაზა ფაჩულია, რომლის აქტივში მეორე მეოთხედის ბოლოს სულ რაღაც 3 ქულა იყო. ნაკრების კაპიტანმა 7 მცდელობიდან მხოლოდ ერთხელ მოათავსა ბურთი კალათში. მისი ვიზავის, კლაუდიო ფონსეკას ანგარიშზე კი ამ დროს 8 ქულა იყო. საბოლოოდ, სწორედ პორტუგალიელთა ცენტრის ძალისხმევით დიდ შესვენებაზე გუნდები 5-ქულიანი სხვაობით გავიდნენ – 36:31.
მესამე პერიოდი ზაზა ფაჩულიას ზედიზედ ორი ზუსტი ტყორცნით დაიწყო, რასაც სანიკიძის შეტევის ბოლო წამზე ჩაგდებული სამიანი მოჰყვა და მასპინძლებმაც 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. პორტუგალიელებმა მეორე პერიოდის მსგავსად მეოთხედის მეორე ნაწილი უკეთ ჩაატარეს და გადამწყვეტი 10-წუთიანი მონაკეთის წინ სხვაობის შემცირება 7 ქულამდე შესძლეს. თუმცა, ფონსეკას ზედიზედ 4 ნასროლი საჯარიმოდან სამი რომ არ აეცილებინა სხვაობა კიდევ უფრო მცირე იქნებოდა.
გადამწყვეტ მეოთხედში სპორტის სასახლეში შეკრებილი 9000 ქომაგი ვიქტორ სანიკიძის რამდენიმე ეფექტურმა დანქმა გამოაცოცხლა. სანიკიძეს ფაჩულიამ და სანაძემაც მიბაძეს და მასპინძლელთა უპირატესობა 10-ქულიან ზღვარს კიდევ ერთხელ გადასცდა. ამჯერად ქართველებმა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს მოპოვებული ჰანდიკაპი. 5 პერსონალურის გამო ლიდერ ფონსეკას გარეშე დარჩენილმა პორტუგალიელებმა ბოლოს ვეღარ გაიბრძოლეს და შეხვედრაც მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 71-59 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო ვიქტორ სანიკიძე გახდა, რომელმაც 20 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს. მასპინძელთა ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას კი სამმაგ დუბლამდე ერთი გადაცემა დააკლდა. სტუმართა შემადგნელობაში 17-ქულით ყველაზე შედეგიანი ფონსეკა გახლდათ.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უნგრეთის ნაკრებმა საშინაო ასპარეზზე ჩეხეთის დამარცხება მოახერხა, საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ჯგუფში პირველი ადგილი და ევროპის ჩემპიონატის საგზური ზედიზედ მესამედ მოიპოვა!
საქართველო 71-59 პორტუგალია
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები