გამგებლის საახალწლო დაპირება
2013 წლის 30 დეკემბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბის წევრები და ფეხბურთის რიგითი მოყვარულები შეიკრიბნენ…
როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის 1 იანვრიდან კლუბის დაფინანსების საკითხი ისევ გაურკვეველია. სწორედ ამასთან დაკავშირებით ფეხბურთის გულშემატკივართა ჯგუფი დღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, ბატონ ტარიელ თუთარაშვილს ესტუმრა. შეხვედრა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა. ქომაგებმა მუნიციპალიტეტის წინა ხელმძღვანელობის მიერ ზაფხულში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენახვა-დაფინანსებასთან დაკავშირებული პირობაც გაიხსენეს და კლუბის გადარჩენის საქმეში თანადგომა და დახმარება კიდევ ერთხელ თხოვეს.
თავის მხრივ, ბატონმა ტარიელ თუთარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას შემდეგი აუწყა: “გავითვალისწინეთ გულშემატკივრებისა და სპორტული საზოგადოების თხოვნა. ის თანხა, რაც ინფრასტრუქტურული ხასიათის ხარჯების დაფარვას სჭირდება, ახალი წლიდან გამოყოფილი იქნება. ეს თანხა დაახლოებით 300 000 ლარია. ასე რომ, ამ კუთხით პრობლემები აღარ შეიქმნება”.
fczestafoni.ge