“გამოცდილება დაგვაკლდა” – ლაშა გუჯეჯიანი ტატო გრიგალაშვილის შესახებ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ტატო გრიგალაშვილის ასპარეზობის შესახებ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ტატო -81 კგ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში საეიდ მოლაეისთან დამარცხდა, რის შემდეგაც რეპეშაჟში გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლისათვის დაპირისპირება ბელგიელ მატიას კასესთან დათმო.
“სამწუხაროდ, ვერ შევძელით მედლის მოპოვება. რა თქმა უნდა, გრიგალაშვილი იყო ლიდერი და იგეგმებოდა უმაღლესი სინჯის მედალი, მაგრამ ეს ოლიმპიური თამაშებია. რაც დაგვაკლდა, იყო გამოცდილება – არ ვიცოდით, როგორ მოგვეგო ოლიმპიური თამაშები. ისწავლის, მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება და მე დარწმუნებული ვარ, ტატო გრიგალაშვილი აუცილებლად გახდება ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი ამ წუთას ზედმეტია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, თუმცა მომავალი წინ არის, ახალგაზრდა ბიჭია. სხვა კონკრეტული ფაქტორი, რის გამოც ხელი შეგვეშალა, ამ წუთას, ჩემს გონებაში არ არსებობს. ერთადერთი გამოცდილებაა და ის ფსიქოლოგიური წნეხი, რომელშიც მოექცა და სამწუხაროდ, ვერ შევძელით აქედან გამოსვლა.
ხვალ, ზეგ, მაზეგ, კიდევ ჩვენი ძიუდოისტები მიიღებენ მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებზე – ლაშა ბექაური, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი. წარმატებებს ვუსურვებ მათ და დარწმუნებული ვარ, ჩვენ უმაღლესი სინჯის მედლებისათვის ვიბრძოლებთ”, – განაცხადა გუჯეჯიანმა სეოკ-ის პრესსამსახურთან ინტერვიუში.
*ფოტო: ლაშა კუპრაშვილი