განახლებული „ტორპედოს“ პრეზენტაცია
დღეს ქუთაისის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის საპრენსკონფერენციო დარბაზში განახლებული „ტორპედოს“ პრეზენტაცია გაიმართა. ჩვენი ქალაქის მერის მოადგილემ, ბატონმა ნოდარ მიქიაშვილმაპრესისა და მედიის წარმომადგენელთა წინაშე კლუბის ახალი წევრები წარადგინა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე კომენტარები გაკეთდა, რომლებსაც ქვემოთ გთავაზობთ.
ნოდარ მიქიაშვილი: „ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი წარდგენა არ სჭირდება. კლუბს ამიერიდან ეყოლება ახალი სამწვრთნელო შტაბი, აღმასრულებელი დირექტორი და რასაკვირველია, ფეხბურთელებიც. მადლობა გიორგი დარასელიას, რომ მან ჩვენს შეთავაზებას დადებითად უპასუხა. ასევე მადლობა კომპანია „ვისოლს“ ქუთაისური ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. როგორც იცით, ქუთაისის „ტორპედო“ უკვე მერიის საკუთრებაა. სპორტულ მხარესთან ამ ეტაპზე თითქმის ყველაფერზე შეთანხმებული ვართ და ქალაქის დახმარებით ყველა ნახავს გაცილებით უკეთეს გუნდს. მომავალ საკრებულოს სხდომაზე საბოლოოდ გადაწყდება დაფინანსების საკითხი. ვფიქრობ, სეზონის დასრულებამდე 800 000 ლარზე ოდნავ მეტს მიიღებს კლუბი ქალაქისგან. ეს საკმარისი უნდა იყოს უფრო კარგი შედეგების მისაღებად. მართალია, ქუთაისის ბიუჯეტში შედის ეს ხარჯი, თუმცა ქალაქის მკვიდრთა ფეხბურთისადმი სიყვარულის გამო ამ თანხის გაღება ნორმალური იქნება. ასევე აღვნიშნავ, რომ ქალაქის მერია „ტორპედოზე“ მანამ იზრუნებს, სანამ მას ახალ მფლობელს მოუძებნის“.
„ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი, გიორგი დარასელია: „მადლობას ვუხდი ქალაქისა და კლუბის ხელმძღვანელობას ასეთი დაფასებისთვის, რომ დღეს მე ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი ვარ. განწყობა ამაღლებულია, იმიტომ, რომ ამ კლუბისადმი, სადაც ფეხბურთელის კარიერა დავიწყე, სიყვარული დიდი ხანია, რაც მაქვს. მჯერა, ერთმანეთის გვერდით დგომით გამოვასწორებთ სიტუაციას და ქუთაისს ისეთ ფეხბურთს დავუბრუნებთ, რომელიც ეკუთვნის. ასევე მოგახსენებთ, წინა გუნდიდან მე არც ერთი ფეხბურთელი არ გამიშვია. მათ კონტრაქტები ამოეწურათ და მათმა ნაწილმა უკვე დატოვა კლუბი. ვეძებთ ახალ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდს გააძლიერებენ. ვეცდებით, რომ უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებამდე გუნდი საბოლოოდ დავაკომპლექტოთ“.
„ტორპედოს“ აღმასრულებელი დირექტორი, დავით ფრუიძე: „ვინც მიცნობს, იცის, რომ სპორტთან დიდი ხანია, რაც შეხება მაქვს. ჩვენი მოთხოვნა უპირველესად იქნება – მკაცრი დისციპლინა. ამასთან ერთად, ჩვენ შევქმნით ისეთ პირობებს, რათა ფეხბურთელებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. უკვე გადაწყვეტილია, რომ გუნდი წავა უცხოურ შეკრებაზე. იქნება ახალი ეკიპირება. ვფიქრობთ ასევე სიმბოლიკის შეცვლაზე. უნდა გაკეთდეს საფეხბურთო სკოლაც და გვინდა, რომ ეს ყველაფერი დაფუძნებული იყოს ტრადიციებზე. გასულ წელს იყო საუბარი, რომ თითქოს გუნდს უჭირდა არსებობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. დღესდღეობით, მოვიწვიეთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც გვჭირდება ჩვენი ამოცანების გადასაწყვეტად. მე კმაყოფილი ვარ გიორგი დარასელიას მუშაობის დასაწყისით და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, ქალაქის მერისა და მისი მოადგილის დახმარებით ამ სეზონში კლუბი ნორმალურად იცხოვრებს“.
პრეზენტაციას „ტორპედოს“ სამი ახალწვეული ესწრებოდა:
ნიკოლოზ საბანაძე – „ზესტაფონის“ გავლით თბილისის „დინამოდან“ დაბრუნებულმა 23 წლის ფორვარდმა, რომელსაც ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია, პროფესიონალური კარიერა სწორედ ქუთაისელთა კლუბში დაიწყო, მაშინ, როცა „ტორპედო“ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მეორედ აღზევდა(2010 წელს). მან ჩვენი გუნდის რიგებში 111 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. იგი 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
ზაზა ჭელიძე – ქუთაისის „ტორპედო“ არც 27 წლის ცენტრალური მცველისთვისაა უცხო. მან სეზონნახევრის განმავლობაში ჩვენი გუნდის 52 ოფიციალურ თამაშში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლიც გაიტანა. ამის შემდეგ იგი ს. კ. „ზესტაფონში“ გადავიდა, საიდანაც ბელორუსიის „გომელს“ მიაშურა.
ირაკლი კლიმიაშვილი – თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“ სახელმოხვეჭილ ნახევარმცველს განსხვავებით მისი ზემოხსენებული თანაგუნდელებისა, პირველად მოუწევს „ტორპედოს“ ღირსების დაცვა. მას „ვეტერინარებთან“ ერთად საქართველოში ყველა გათამაშება(ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი) აქვს მოგებული, აქედან მოყოლებული, შემდეგ კლუბებში ირიცხებოდა: მახაჩყალის „ანჟი“, ტაშკენტის „პახტაკორი“, გორის „დილა“, ბოლნისის „სიონი“ და ბოლოს რიგის „სკონტო“. 26 წლის ნახევარმცველი, რომელსაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრებშიც უთამაშია(12 თამაში), „ტორპედოს“ 13-ნომრიანი მაისურით გავა მოედანზე.
„ჩვენთვის დიდი პატივია ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელობა. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ამ წინადადებას, მით უმეტეს, რომ გიორგი დარასელიასთან ერთად აქამდეც მაქვს ნამუშევარი და ჩემთვის ეს ფაქტორი იყო გადამწყვეტი. ბევრ ლაპარაკს ჯობია ფეხბურთელებმა ყველაფერი მინდორზე დავამტკიცოთ. ვიცი, რომ ქუთაისში მშვენიერი საფეხბურთო ატმოსფეროა და იმედია, გულშემატკივრებს ამჯერად „ტორპედოს“ ფეხბურთელის რანგში გავახარებ“, – თქვა კლიმიაშვილმა.
FCTorpedo.GE