განაცხადი 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც ქართული მხარე 2017 წლის უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მასპინძლობის სურვილსა და ინტერესს გამოთქვამს.
„ჩვენ გვაქვს სურვილი და მზადყოფნა 2017 წლის უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მასპინძლობისა. დავაგროვეთ საკმაო გამოცდილება და გვჯერა, ამ მაღალი დონის შეჯიბრებას თავს ღირსეულად გავართმევთ. ამასთან, 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ძალიან კარგი იქნება ჩვენი ფედერაციისა და მთლიანად ქვეყნისთვის“ – ნათქვამია სფფ-ის წერილში.
საპასუხო ოფიციალური წერილი უეფადან დღეს მოვიდა, სადაც ნათქვამია:
„უპირველესად, მადლობას გიხდით, რომ გამოთქვით სურვილი და ინტერესი 2017 წლის ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის მასპინძლობისა. გაცნობებთ, რომ მარტიდან, უეფას ყველა წევრ ფედერაციას დაეგზავნება სპეციალური წერილი და ცირკულარი და შეძლებთ ოფიციალურად დააფიქსიროთ ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი.
ამასთან, წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სავალდებულო პროცედურებისა და მოთხოვნების შესრულების შესახებ და ის, თუ რა ვადებში რა მოთხოვნები უნდა შესრულდეს, რომელიც ყველა მსურველმა დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინოს.“
ასე რომ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მარტში ამის შესახებ კიდევ ერთხელ, ოფიციალურად განაცხადებს და იმედი გვაქვს, უეფა კვლავ გამოგვიცხადებს ნდობას და საქართველო 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდება.
სფფ-ის პრესსამსახური