“განელ ფეხბურთელებს ნაკრებში გამოსაძახებლად ფულის გადახდა უწევთ”
განის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კოჯო პოკუმ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, განელ ფეხბურთელებს ნაკრებში გამოსაძახებლად ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებისთვის ქრთამის მიცემა უწევთ.
“ვფიქრობ, ფედერაციაში ფინანსები ამოიწურა, ამიტომ ფეხბურთელებს ნაკრებში გამოსაძახებლად ქვეყნის ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლებისთვის ფულის გადახდა უწევთ. მოთამაშეთა უმეტესობა ჩემი მეგობარია და მე მათთან კონტაქტი მაქვს. არ გაკვირვებთ ის ფაქტი, რომ ენოხ კოფი ადუს, რომელსაც ევროპულ კლუბებში თამაშის რეგულარული პრაქტიკა აქვს და რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეც თამაშობს, ეროვნულ ნაკრებში არ იძახებენ?! ზოგიერთ ფეხბურთელს ჩინოსანთა სწავლის გადასახადის დაფარვაც კი უწევთ”, – პოკუს სიტყვებს Ghana Soccernet-ი ციტირებს.
განის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს ამ ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
თავად კოჯო პოკუ განის ნაკრების ღირსებას 2004-2008 წლებში იცავდა. მას ეროვნული გუნდის ფორმით ჩატარებულ ცხრა მატჩში ორი გოლი აქვს გატანილი.