განელი ექს-ფეხბურთელი: “მარკუს რაშფორდის მამა სინამდვილეში მე ვარ”
ყოფილი განელი ფეხბურთელი მიქაელ ბოიე მარკიე ამბობს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ფორვარდ მარკუს რაშფორდის ბიოლოგიური მამაა. 65 წლის მარკიე, რომელიც დღესდღეობით დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, აღნიშნავს, რომ რაშფორდის დედასთან ურთიერთობა 22 წლის წინ ჰქონდა.
“მარკუს რაშფორდი ჩემი შვილია და მან იცის ეს, თუმცა ერთმანეთი რამდენიმე წელია არ გვინახავს. როდესაც მარკუსმა ამის შესახებ შეიტყო, გაბრაზდა, რადგან ეგონა, რომ მე ის მივატოვე, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. ბევრი ადამიანი მიკავშირდება, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემგან ახალი დეტალების მიღება სურთ, თუმცა მე ადამიანების იმ კატეგორიას არ განვეკუთვნები, რომლებიც ასეთი გზით ცდილობენ ფულის ან პოპულარობის მოპოვებას. მე უბრალოდ მინდა, მსოფლიოს გავაგებინო, რომ მარკუს რაშფორდს განური ფესვები აქვს”, – ციტირებს მიქაელ ბოიე მარკიეს სიტყვებს “ქიქოფი”.
მარკუს რაშფორდს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფეხბურთელი წარმოშობით სენტ-კიტსი და ნევისიდან არის, ხოლო მისი მშობლები ჯოზეფ და მელანია რაშფორდები არიან.