გარი ნევილი: “1966 წლის შემდეგ საუკეთესო ნაკრები გვყავს”
ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი გარი ნევილი თვლის, რომ “სამ ლომს” 1966 წლის შემდეგ საუკეთესო გუნდი ჰყავს.
“1966 წლის შემდეგ ეს ინგლისის ნაკრების საუკეთესო ვერსიაა. დღევანდელმა გუნდმა გაცილებით მეტს მიაღწია, ვიდრე ინგლისის ნაკრების წინა შემადგენლობებმა. საუკეთესო ფეხბურთელთა კრებულია, რომელსაც თანმიმდევრულად კარგად შეუძლია ტურნირებზე გამოსვლა. მათ კარგი სათამაშო დონე აქვთ, ჯერ კიდევ იზრდებიან და უკეთესები ხდებიან, გუნდს ტექნიკურად დიდებული მოთამაშეები დაემატა. მწვრთნელიც ფანტასტიკური გვყავს. მაინტერესებდა, რამდენად შეეძლო ამ გუნდს ინგლისის ნაკრების მწერვალზე დაბრუნება და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეს თითქმის მოახერხა.
ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატი ზედგამოჭრილი ტურნირია ინგლისის ნაკრებისთვის. ბოლო 30-40 წლის განმავლობაში ყოველთვის ამბობდნენ, რომ სეზონის ბოლოს ფეხბურთელები გადაღლილები არიან. ყატარში ნოემბერ-დეკემბერში ვითამაშებთ და ეს შესანიშნავი პერიოდია. ამ დროისთვის ინგლისელი ფეხბურთელები გაცილებით კარგ კონდიციებში უნდა იყვნენ. თუ გუნდი ზრდას გააგრძელებს, წარმატების იმედი უნდა გვქონდეს”, – თქვა გარი ნევილმა “სქაი სპორტსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ირანი, აშშ და ევროპის პლეიოფში გამარჯვებული იქნებიან.