გარი ნევილი მწვრთნელად მუშაობის ვარიანტს კატეგორიულად გამორიცხავს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი, გარი ნევილი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, მან მწვრთნელობაზე საბოლოოდ აიღო ხელი.
შეგახსენებთ, რომ ნევილმა საკუთარი შესაძლებლობები გასულ სეზონში “ვალენსიას” თავკაცის პოსტზე გამოსცადა, სადაც მხოლოდ 16 მატჩის ჩატარება მოასწრო – მათგან მხოლოდ 3 დასრულდა “ღამურების” გამარჯვებით.
“მწვრთნელად აღარსდროს ვიმუშავებ, ეს გამორიცხულია. შესაძლოა, 10 წლის შედმეგ გავიღვიძო და გავიფიქრო, რომ მწვრთნელობა მინდა, მაგრამ ახლა ასე ნამდვილად არ ვფიქრობ.
ფეხბურთი ძალიან მიყვარს, მაგრამ აღარ მინდა ოდესმე ისეთ მდგომარეობაში მოვხვდე, როგორშიც მაშინ ვიყავი. მას შემდეგ შემოთავაზებები პრემიერ ლიგის კლუბებიდანაც მქონდა, მაგრამ ყველა წინადადებას უარით ვუპასუხე.
“ვალენსიაში” კი ჩემი ბიზნეს პარტნიორის, პიტერ ლიმის (“ვალენსიას” მფლობელი) თხოვნით მივედი, რადგანაც მეგონა, რომ აქიდან რამე გამოვიდოდა,” – აცხადებს ნევილი.