გარიგებულ მატჩებში ბრალდებული გიორგი გეთიაშვილი განცხადებას ავრცელებს
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული, “ვიტ ჯორჯიას” მცველი გიორგი გეთიაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
გეთიაშვილის განცხადებით, მას პირადი ფინანსური პრობლემებისა და კლუბის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დავალიანების გამო გარიგებული მატჩების სქემაში მონაწილეობაზე დათანხმება მოუხდა.
“თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ „გარიგებული მატჩების“ საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ჩემი კლუბის წევრებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს და ჩემს ახლობლებს. არასდროს მდომებია და შესაბამისად, ჩემი სპორტული შესაძლებლობები არ გამომიყენებია არაკანონიერი ან არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის.
2019 წლის აპრილის დასაწყისში, ერთ-ერთი ბრალდებულის მხრიდან მოხდა ჩემთან დაკონტაქტება მატჩის ,,ჩაწყობის“ მიზნით. შემოთავაზებაზე რა თქმა უნდა, განვაცხადე კატეგორიული უარი. თუმცა ბოლოს, პირადი ფინანსური პრობლემების გამო, რომელსაც ემატებოდა კლუბის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დავალიანება, – იძულებული გავხდი დავთანხმებულიყავი შემოთავაზებას და ჩავრთულიყავი ,,სქემაში“ რომელსაც ვაცნობიერებ, რომ არ აქვს არანაირი გამართლება. აღნიშნული შეთანხმება ვერ განხორციელდა რადგან, მხოლოდ ჩემი დაყოლიება ორგანიზატორის მხრიდან არ აღმოჩნდა საკმარისი.
პირველი ეპიზოდის, შეთანხმებულისაგან განსხვავებული და არასასურველი შედეგით დასრულების შემდეგ, ჩემს პირად ფინანსურ პრობლემებს დაემატა „თამაშის ვერ გაკეთების ვალიც“, რისთვისაც იძულებული გამხადეს მიმემართა გუნდელებისათვის და სწორედ ამ „ვალის“ განულების მიზნით, მეთხოვა დახმარება. შესაბამისად, ,,სქემაში“ მოხდა კიდევ ოთხი ფეხბურთელის ჩართვა. აქვე მინდა გულისწყვეტა გამოვთქვა ოთხივე მათგანის და განსაკუთრებით კი პ. ღუდუშაურის და ნ. კიკნაველიძის გამო და დავამატო, რომ მათი მიზანი არ ყოფილა ფინანსური ინტერესი.
ასევე, ვინაიდან გავრცელებული კადრები არ ასახავს სრულ სურათს, განვმარტავ შემდეგს:
1. ,,ვიტ ჯორჯიას“ არც ერთ ფეხბურთელს „გარიგებულ მატჩებზე“ თანხა არ აგვიღია;
2. ,,ვიტ ჯორჯიას“ და ,,რუსთავის “ თამაში არ ყოფილა „გარიგებული“;
3. ,,ბათუმი“ – ,,ვიტ ჯორჯიას“ თამაშის „ჩაწყობის“ მთავარი მიზანი იყო „ვერ გაკეთებული თამაშის ვალის“ განულება და შემდეგ შეთანხმებიდან გამოსვლა” – ვკითხულობთ გეთიაშვილის განცხადებაში.