გასპერინი: “მსაჯობაზე რამე რომ ვთქვა, უეფა ერთთვიანი დისკვალიფიკაციით დამსჯის”
ბერგამოს “ატალანტა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მადრიდის “რეალთან” მინიმალური ანგარიშით (0-1) დამარცხდა. შედეგი მეტწილად მატჩის მე-17 წუთზე რემო ფროილერის გაძევებამ განაპირობა, რაზეც ჯან პიერო გასპერინიმ მატჩის შემდეგ ისაუბრა.
“მატჩი გაფუჭდა. გასულ სეზონში აბსოლუტური ქაოსის შემდეგ ხელით თამაშის წესზე შეთანხმდნენ. ახლა ცდილობენ კონტაქტის ყველანაირი ფორმა აღვკვეთონ ფეხბურთში და ეს სპორტის სუიციდია.
სერია A-ზე რაღაცის თქმის გამო დისკვალიფიკაცია მომისაჯეს, ახლა მსაჯობაზე რამე რომ ვთქვა, უეფა ერთთვიანი დისკვალიფიკაციით დამსჯის. ეს ფეხბურთის სუიციდია. არ უნდა ინიშნებოდეს ასეთი დონის მატჩებზე ისეთი მსაჯი, რომელიც ჯარიმის სირთულეს ვერ აფასებს.
თუ სათანადო გადაწყვეტილბის მიღება უჭირთ, სხვა სამსახური უნდა იპოვონ. თანაც მსაჯებს ვიდეორეფერის დახმარება აქვთ და ამის მიუხედავად მაინც არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
ამდენი ხანი ელოდები ამ მატჩს და ყველაფერს აფუჭებენ. შესაძლოა, ისედაც დავმარცხებულიყავით, შედეგზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ჩვენ თამაშს მაინც ვითამაშებდით,” – აცხადებს გასპერინი.