გატუზო: “ასეთ თამაშს ვერ შევეგუები”
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ “ბეტისთან” მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “როსონერი” საკუთარ მოედანზე “ბეტისთან” 1:2 დამარცხდა.
“ამ მატჩში გამოჩნდა, რომ თავდაჯერებულობა დავკარგეთ. “ბეტისმა” გამარჯვება დაიმსახურა. პენალტის ეპიზოდზე არ ვისაუბრებ, რადგან მეტოქემ გვაჯობა. რაც მაღელვებს, ისაა, რომ სუსტად გამოვიყურებოდით.
თავისუფლად ვერ ვმოძრაობდით და ბურთსაც ვერ ვფლობდით. ფეხბურთელებთან უნდა ვისაუბროთ და გავიგოთ, რა არის პრობლემა. გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. დავინახეთ, რომ ხშირად ნახევარდაცვიდან ბურთს უკან ვაბრუნებდით, ეს მაშინ, როცა წინ უნდა წავსულიყავით. თუ გუნდი ვერ თამაშობს, მე პირველი ადამიანი ვარ, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს.
ასე თამაში აღარ შეიძლება, მე პასუხისმგებლობას ვიღებ. ვფიქრობ, ბევრი იმედგაცრუება დაგვიგროვდა. ასეთ თამაშს ვერ შევეგუები”, – უთხრა გატუზომ Sky Sport Italia-ს.